მარი ლე პენი: საფრანგეთმა უნდა აკრძალოს ისლამისტური ორგანიზაციები
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარი ლე პენი ქვეყანაში ტერორიზმთან საბრძოლველად სასწრაფო ზომების მიღებას მოითხოვს. ლე პენი მიესალმება საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის გადაწყვეტილებას საზღვარზე კონტროლის დაწესების შესახებ.
„საფრანგეთი და ფრანგები დღეს დაცულები აღარ არიან. საფრანგეთმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყვიტოს ვინ არის მისი მტერი და ვინ – მოკავშირე. რაც არ უნდა თქვას ევროკავშირმა, ჩვენ ფრანგების უსაფრთხოებაზე უნდა ვიფიქროთ. ამისთვის კი, პირველ რიგში, საზღვარზე კონტროლის აღდგენაა აუცილებელი და ის არ უნდა გაუქმდეს გარკვეული დროის შემდეგ“, – განაცხადა ლე პენმა. მისივე თქმით, ქვეყანაში „ნაციონალური ტრაგედია“ დატრიალდა, რომელიც ჯიჰადისტების მხრიდან ძალადობის ახალ ესკალაციაზე მიუთითებს. ამიტომაც,ლე პენის განმარტებითვე, ისლამისტური რადიკალიზმი უნდა განადგურდეს. „საფრანგეთმა უნდა აკრძალოს ისლამისტური ორგანიზაციები, დახუროს რადიკალური მეჩეთები და გააძევოს უცხოელები, რომლებიც ჩვენს მიწაზე ძალადობის და სიძულვილის ქადაგებას ეწევიან“, – განაცხადა მარი ლე პენმა.