პარიზში მცხოვრები ქართველი მწერალი 13 ნოემბრის სისხლიან ღამეს იხსენებს

ქართველი მწერალი და დოკუმენტალისტი, რომელიც ამჟამად პარიზში ცხოვრობს, 13 ნოემბრის ღამის შესახებ საუბრობს.
„გუშინ ტერაქტების დროს ჩემი თინა იყო თავის თეატრალურ სკოლაში, არც ისე შორს იმ ადგილიდან სადაც ისროდნენ. თერთმეტის ნახევარზე დაუმთავრდათ ლექცია და ატირებულმა დარეკა. ის პერიმეტრი გადაკეტილი იყო, რადგან ვარაუდობდნენ რომ ტერორისტების ნაწილმა სწორედ იმ უბანს შეაფარა თავი. გამოაცხადეს რომ ყველა იქ დარჩენილიყო სადაც იყო, გარეთ არ გავსულიყავით, საბედნიეროდ, ერთ-ერთი კურსელი გოგონა იქვე ცხოვრობდა და თინა დაახლოებით ათ კურსელთან ერთად მასთან დარჩა ერთ ციცქნა ბინაში, გამუდმებით ვრეკავდით, ძალიან შეშინებულები იყვნენ, ზოგი ტიროდა. მაგრამ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო,  მათი იქ დარჩენა.
დღეს დილის 8:30 ზე წავედით წამოსაყვანად. თან მისი ჯგუფელი ბიჭი წამოვიყვანეთ და წავიყვანეთ ოსტერკიცზე, გზად სწორედ იქ მოგვიწია გავლა, სადაც ეპიცენტრი იყო, უკვე სავსეა იქაურობა მთელი მსოფლიოს ტელევიზიებით. ქალაქი ჩვეულებრივ შაბათ დილასთან შედარებით ნაკლებად ხალხმრავალია. მაგრამ ცხოვრება მაინც გრძელდება, ხალხი კაფეებშია. მაღაზიები გაიხსნა. ვიღაცეები ჯოგინგსაც აკეთებდნენ, თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ბევრი ადგილი დაკეტილია, განსაკუთრებით ტურისტული. ამიტომ, ნუ უჯერებთ რაღაც პანიკურ ხმებს, თითქოს ქუჩაში არავინაა და საყოველთაო პანიკაა. საფრანგეთში „მაესტროზე“ ვიღაც შეშინებული გოგო ჩართულა აქედან სკაიპით – ათასი კაცი მოკლეს ტერორისტებმაო უთქვამს, და ქუჩაში არავინააო. გუშინ თითქმის არ მიძინია, ძალიან დაღლილი ვარ, ახლა 12 საათზე დავბრუნდი სახლში თინასთან ერთად. ძლივს ყველა ერთად ვართ“ – წერს ფეისბუქის საკუთარ გვედრზე პაატა ქურდაძე.
პაატა ქურდაძე ქართველი ესეისტი და დოკუმენტალისტია. გასული ლიტერატურული პრემია „საბას“ 2011 წლის გამარჯვებული ნომინაციაში წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტალური პროზა,  კრებულისათვის  – „ფსიქოდელიური ქრონიკა 2009“. 2011 წელს გამოაქვეყნა ლიტერატურული ესეს ჟანრში დაწერილი კრებული – „ექსპერიმენტული განცდები“.  მისი ნაწარმოებები ქვეყნდება ფსევდონიმით –  აკაკი მარსიაშვილი და ვალენტინ პუტანელი. 1991 წლიდან ცხოვრობს საფრანგეთში, ქალაქ პარიზში.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, გვიან ღამით საფრანგეთში ტერაქტების სერია განხორციელდა, რის შედეგადაც ოფიციალური ინფორმაციით, 128 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 600-მდე დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები