„ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა პირობა, რომ არ მოერიდებოდა მთავრობის კრიტიკას“

  ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა პირობა, რომ არ მოერიდებოდა მთავრობის კრიტიკას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ “საქართველოს მთავრობის ღია მმართველობის” ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლამდე დიდი ხნით ადრე გამოაცხადა, რომ აპირებდა სამოქალაქო სექტორში გადანაცვლებას და იქიდან ძალიან აქტიურ მუშაობას. მან განაცხადა, რომ არ მოერიდებოდა მთავრობის კრიტიკას, რომელიც მისი გუნდისაგან შედგება. ივანიშვილმა ეს პირობა შეასრულა, ბევრს ალბათ არ სჯეროდა, რომ ეს ასე იქნებოდა. მან ბევრი მიმართულებით გამოთქვა კრიტიკა, მას შემდეგ, რაც გადავიდა სამოქალაქო სექტორში. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. ყოფილმა პემიერ-მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „პოლიტიკის დროში“ საუბრისას განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილით გარკვეული იმედგაცრუება მიიღო. მან პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლისა და ვანო მაჭავარიანის მრჩევლად დანიშვნის გამო გააკრიტიკა. ამასთან ერთად, ყოფილმა პრემიერ-მინისტმა მთავრობის კაბინეტი ორ კატეგორიად დაყო: „ძალიან კარგები“ და „კარგები“. ბიძინა ივანიშვილმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია „ძალიან კარგ მინისტრებს“ შორის არ დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები