გიორგი ალიბეგაშვილმა და თამარ ტალიაშვილმა საქველმოქმედო კონცერტის შესახებ შეხვედრა გამართეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი საოპერო მომღერალს თამარ ივერსა და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა თამარ ივერის საქველმოქმედო ფონდის „დაცული საზოგადოების“ მიერ 19 ნოემბერს დაგეგმილი კონცერტის თაობაზე ისაუბრეს, რომელიც 13 ივნისს სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად გაიმართება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კონცერტიდან შემოსული მთლიანი თანხა გადაერიცხება ფონდის მიერ შერჩეულ იმ ხუთ სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლებმაც სტიქიის დროს მარჩენალი მშობლები დაკარგეს და ოჯახში მცირეწლოვანი ან არასრულწლოვანი ბავშვები შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
საკრებულოს ცნობით, ღონისძიებაში მსოფლიოს საოპერო მომღერლები: ალისა კოლოსოვა, ჩარლზ კასტრონოვო, ეკატერინა სიურინა და სერგეი მურზაევი უსასყიდლოდ მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო კონცერტს დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს. შეხვედრაზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის გრანდიოზულ გახსნის თაობაზეც ისაუბრეს, რომელიც 2016 წლის იანვარშია დაგეგმილი. თამარ ივერმა გიორგი ალიბეგაშვილსა და თამარ ტალიაშვილს პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის, საქველმოქმედო კონცერტი თბილისის საკრებულოს, დედაქალაქის მერიისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 19 ნოემბერს შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები