მერია დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტს საკრებულოში 15 ნოემბრამდე წარადგენს

დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტს საკრებულოში 15 ნოემბრამდე ელოდებიან. როგორც თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, შესწორების შეტანის შემდეგ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტმა 900 მილიონ ლარს გადააჭარბა. საკრებულოში იმედოვნებენ რომ 2016 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტზე მეტი იქნება.
„ველოდებით რომ მომდევნო წლის ბიუჯეტი უფრო დიდი იქნება. ბევრი პროექტია დასასრულებელი, მათ შორისაა ინფრასტრუქტურული პროექტები, აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ 2016 წლის ბიუჯეტი ადეკვატური იქნება. ერთი წელი საკმარისი დრო იყო, რომ ამ კუთხით ყველა ძირითადი საჭიროება შესწავლილი ყოფილიყო, ეს ყველაფერი ბიუჯეტში უნდა აისახოს“,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
კანონის თანახმად, მიღებიდან 5 დღის ვადაში საკრებულო დედაქალაქის ბიუჯეტს აქვეყნებს და მასზედ საჯარო განხილვები იწყება. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულო 25 ნოემბრამდე მერიას ცვლილებებისათვის ბიუჯეტს უკან უბრუნებს, ცვლილებების შემდეგ მერია, თავის მხრივ, ვალდებულია ბიუჯეტი საკრებულოს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგინოს.
რაც შეეხება აუთვისებელ თანხებს, ზუმბაძის განცხადებით, წელს ბიუჯეტში თანხების ათვისების პრობლემა არ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები