უკრაინაში ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნომრიან მანქანებს დააჯარიმებენ
უკრაინული პოლიციის თანამშრომლები ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის ნომრიან მანქანებს დააჯარიმებენ, ვინაიდან კიევი მათ დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იტყობინება.
მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა განმარტებისთვის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს, იქ განაცხადეს, რომ უკრაინა ე.წ. სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად არ აღიარებს და ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია. შესაბამისად, ასეთი ნომრის შემთხვევაში ითვლება, რომ ავტომობილს სახელმწიფო ნომერი საერთოდ არ გააჩნია.
„სატრანსპორტო საშუალებებზე ამ და სხვა არაღიარებული რეგიონების ნომრების არსებობის შემთხვევაში პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს და ამ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს დააჯარიმებს“, – ნათქვამია უკრაინის პოლიციის განცხადებაში.
უკრაინის ნაციონალური პოლიცია მილიციის ნაცვლად შეიქმნა და მან ოფიციალურად მუშაობა 7 ნოემბრიდან დაიწყო.