“საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ელჩების კრიტიკა დადებითი პროცესია”

“ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები – ჩვენი კოლეგები და პარტნიორები ზოგიერთ შემთხვევაში დაუმსახურებელ საყვედურებს აძლევს დღევანდელ ხელისუფლებას, ეს ერთი მხრივ, ხელისუფლების სისუსტის გამო ხდება, რომ მუდმივი კავშირი არ აქვს საერთაშორისო საზოგადოებასთან, არ აწვდიან მუდამ განახლებად ინფორმაციას და არ უზიარებს ხშირად საკუთარ პოზიციებს”, – ასეთ შეფასებას საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, არჩილ გამზარდია აკეთებს.
მისი განცხადებით, ხელისუფლებას ყოველდღე უნდა ჰქონდეს შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დიპლომატებთან და ა.შ. დეტალურად აცნობდნენ პროცესებს და ა.შ. ანალიტიკოსის აზრით, პიარ და საგარეო სექტორს არასაკმარისი ეფექტურობა ახასიათებს.
ამის მიუხედავად, არჩილ გამზარდიას აზრით “მეორე მხრივ, ეს ძალიან კარგი პროცესია. რამდენადაც ვხედავთ, ევროპა ჩვენ თანაბრად, საკუთარ ნაწილად განგვიხილავს და ამიტომ ითხოვს, ვიყოთ მაქსიმალურად მოწოდების სიმაღლეზე, რისკების დონე მინიმუმამდე დავიყვანოთ და ყველაფერი გამჭვირვალედ ხდებოდეს. ეს ძალიან კარგია, რადგან ევროპა არ განგვიხილავს ჩვენ უკვე დიქტატორულ ქვეყნად, არამედ დემოკრატიულ სახელმწიფოდ და შესაბამისად ცდილობს რომ შეცდომები არ გამოგვეპაროს”.
არჩილ გამზარდიას განცხადებით, ეს პროცესი კრიტიკასთან ერთად აღიარებაცაა, “კარგად გვახსოვს ევროპელი ლიდერები ჩვენი ციხეების ნახვის შემდეგ როგორ გამოდიოდნენ დეპრესიით და ხვდებოდნენ რომ ჩვენთან საუბარს თითქმის აზრი არ ჰქონდა, დღეს ევროპა თვლის რომ საქართველოს ხელისუფლებასთან საუბარს აზრიც აქვს და ბევრსაც ითხოვენ.
“არ დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას პრატიკულად არ ჰყავს რაციონალურად თვითგამოხატული და კრიტიკოსი ოპოზიცია, არამედ, ძირითადად, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე აგებული მტრულად განწყობილი ოპოზიცია, ამიტომ ევროპის თუ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები დღეს ჩვენი ერთადერთი საიმედო კრიტიკოსია, რომლებიც მიგვითითებენ სტანდარტებზე, მის დაცვაზე და რისკებზე. შესაძლოა, ისინი დროდადრო ცდებოდნენ ან აკეთებდნენ არასაკმარისად ინფორმირებულ დასკვნებს, თუმცა, ამისათვის საჭიროა ჩვენი აქტიურობაც, მათ შორის სახელმწიფო სექტორის შესაბამისი სამსახურებისა. ამიტომ, ამ კრიტიკას, საერთო ჯამში, მე დადებითად განვიხილავ, რომელიც გადის, ერთი მხრივ, რისკების მითითებასა და რეკომენდაციებზე, მეორე მხრივ, ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან განცდაზე.”
არჩილ გამზარდია სახელმწიფო სექტორს მეტი გააქტიურებისაკენ მოუწოდებს, “გამოდით შესაბამისი სამსახურები საკუთარი ნიჟარებიდან, გაცოცხლდით, შეხვდით ყოველდღიურად ჩვენს პარტნიორებს, მათ წარმომადგენლობებს, ესაუბრეთ, აჩვენეთ სიმართლე, გამოდით მათთან ერთად ხალხში და ესაუბრეთ ადამიანებს, აჩვენეთ ანგარიშები, სთხოვეთ კონსულტაციები, ჩადეთ რესურსები ეფექტურ ლობიზმსა და საზოგადოებრივი კამპანიების წარმოებაში. თქვენი ენერგია დღეს საკმარისი არაა, რადგან ქვეყნის მოწინააღმდეგის ენერგია საკმაოდ დიდია და ამის დისბალანსი უნდა მოახერხოთ,” – აცხადებს ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები