მიხეილ გიორგაძე ილია ჭავჭავაძის 178 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება

8 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საგურამოში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 178 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საიუბილეო ღონისძიებები 11:30 საათზე, ილია ჭავჭავაძის ძეგლისა და ობელისკის ყვავილების შემკობით დაიწყება. შემდეგ კი სახლ-მუზეუმში ლიტერატურული პრემიის “საგურამო” ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება. 14:00 საათზე, კომპანიის “კახური ტრადიციული მეღვინეობა” მიერ რესტავრირებული გურამიშვილების საგვარეულო მარნის საზეიმო გახსნის ცერემონიალი გაიმართება.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ლიტერატურული პრემიის “საგურამო” დაჯილდოების ცერემონიაზე 6 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ასევე გაიცემა სპეციალური პრიზი, ილია ჭავჭავაძის მედალი – “მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა”.
ლიტერატურულ პრემიას საფუძველი 2003 წელს ჩაეყარა და იგი ტრადიციულად ყოველი წლის 8 ნოემბერს ტარდება.
საზეიმო ღონისძიებებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მწერლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები