“ეროსი კიწმარიშვილი იყო ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელი და “რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ პროცესებში აუცილებელია, რომ საუბარი მასზეც იყოს”
ეროსი კიწმარიშვილის ძმის, ზურა კიწმარიშვილის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილი იყო ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელი და “რუსთავი 2-თან” დაკავშირებულ პროცესებში აუცილებელია, რომ საუბარი მასზეც იყოს.
ამის შესახებ ზურა კიწმარიშვილმა “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
“ამ სიტუაციაში, როდესაც “რუსთავი 2”-ის მფლობელობის პრეტედენტები გამოჩნდნენ და მიმდინარეობს ეს პროცესი, აუცილებლად უნდა იყოს ეროსი კიწმარიშვილზეც საუბარი იმ კონტექსტში, რომ ის იყო ამ ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელი და მას გააჩნდა “რუსთავი 2″-ის მმართველობის წილობრივი მფლობელობა.
დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მომენტი, როდესაც შემდგომ ინსტანციებში ეროსის ინტერესებზეც იქნება საუბარი. ეროსის ოჯახის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული წილობრივ საკითხთან დაკავშირებით და თუკი სასამართლო პროცესი წარიმართება დამოუკიდებლად, ამ მოცემულობაში მისი ინტერესებიც უნდა დაკმაყოფილდეს. ია კიწმარიშვილს ამის თაობაზე აქვს თავისი მოსაზრება და თუ საჭირო გახდება, თავად გააცნობს საზოგადოებას თავის მოსაზრებას და შესაძლებელია გარკვეულ პროცესებშიც მიიღოს მონაწილეობა”, – განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა. შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გუშინდელი გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2”-ის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი დაინიშნა, არხის აქამდე მოქმედ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას კი უფლებამოსილება შეუწყდა. არხის დამფუძნებლებმა: ჯარჯი აქიმაძემ, დავით დვალმა და ამჟამინდელმა მფლობელმა რევაზ საყევარიშვილმა დღეს სასტუმრო “რედისონში პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ტელეკომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელზე, ეროსი კიწმარიშვილზე საუბარი არ ყოფილა.