საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, უკვე მეორედ, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის მიერ მედიაში 5 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს ყველა დიანტერესებულ პირს, ყურადღებით გაეცნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებებს და თავი შეიკავოს არაზუსტი და შეურაცხმყოფელი შეფასებების გაკეთებისგან, რაც იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციას, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქალბატონი მანანა კობახიძის მიერ 2015 წლის 5 ნოემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებებში გაკეთებულ შეფასებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვან, პრეცედენტულ გადაწყვეტილებას.
ასევე აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა აღნიშნული გადაწყვეტილება და მისი ციტირება მოახდინა 2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.
საქმე – „ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც ქალბატონი მანანა იყო მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანისა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა ჰქონდა და აქვს ნებისმიერ პირს, მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ თანამდებობის მიუხედავად.
გარდა ამისა, ქალბატონი მანანას ყურადღება გვინდა მივაპყროთ შემდეგ გარემოებებს: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განცხადებაში აღინიშნა, რომ საქმის „ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე სასამართლოს დასჭირდა დახლოებით 15 დღე, რაც მიანიშნებდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის შემჭიდროებულ ვადებზე. აღნიშნული საქმის განხილვა დასრულდა 2006 წლის 29 ნოემბერს, ხოლო გადაწყვეტილება გამოცხადდა ამავე წლის 15 დეკემბერს.
გარდა ამისა, აღნიშნულ საქმეზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის თარიღთან (2006 წლის 30 ივლისი) დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია არ იყო უფლებამოსილი, განეხილა კონსტიტუციური სარჩელი, ვინაიდან კოლეგიის ოთხი მოსამართლიდან ორის უფლებამოსილება ამ მომენტისათვის არ იყო დაწყებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს ყველა დიანტერესებულ პირს, ყურადღებით გაეცნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებებს და თავი შეიკავოს არაზუსტი და შეურაცხმყოფელი შეფასებების გაკეთებისგან, რაც იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციას“ – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.