ქიბარ ხალვაში მისი წილის ნახევარს თმობს – “ჟურნალისტიკა იქნება თავისუფალი“
თუ სასამართლო ბოლოს ჩემს სასარგებლოდ დაადგენს, ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სასტუმრო „რადისონში“ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ის კომპანიის მმართველობაში მონაწილეობას არ მიიღებს და ამ საქმიანობას პოროფესიონალები წარმართავენ.
„დღეს ჩემთან ერთად არიან დვალი და აქიმიძე. პირველი დღიდან გამოვაცხადე, რომ ეს არ არის ჩემი ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისათვის. მე მინდა. რომ სამართლიანობა აღდგეს ყველა ადამიანისთვის, ვინც დაზარალდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. ეს ეხება არა მარტო „რუსთავი 2“-ს, არამედ სხვა ყველა დანარჩენ პირად საკუთრებას, რომელიც ჩამოართვეს.
„მე დათო დვალთან ვილაპარაკე და შევთანხმდით, რომ ჩვენი კომპანია, გამარჯვების შემთხვევაში იქნება აუცილებლად პარიტეტულ საწყისებზე. ეს ჩემი კეთილი ნებაა. თუ სასამართლო ბოლოს ჩემს სასარგებლოდ დაადგენს, ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს. კომპანიის მმართველობაში მონაწილეობას არ მივიღებ. ჟურნალისტიკა თავისუფალი იქნება ჩემი ზემოქმედებისაგან. ამ საქმიანობას წარმართავენ ისეთი პროფესიონალები, როგორიც დათო და რეზოა“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.