სოხუმი – აფხაზეთის სტატუსზე თბილისთან არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით თბილისთან რაიმე სახის მოლაპარაკებას უარყოფს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ეს განცხადება ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც მან საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. კერძოდ, ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, განიხილოს ქვეყნის ფედერაციული მოწყობის საკითხი აფხაზეთისთვის განსაკუთრებული პოლიტიკური სტატუსით.
„საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, თითქოს მიმდინარე ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების შესახებ აფხაზეთის განსაკუთრებულ პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მხრიდან პაატა ზაქარეიშვილი ხელმძღვანელობს. ეს აშკარა სიცრუეა, მოლაპარაკების ერთადერთი ფორმატი, რომელშიც საქართველოსა და აფხაზეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ, არის ჟენევის დისკუსიები, რომელზეც აფხაზეთის სტატუსი არ განიხილება“, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართველი პოლიტიკოსების ამ განცხადებების მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანა. ე.წ. სამინისტროში აცხადებენ, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენა მხოლოდ საქართველოს მხრიდან აფხაზეთის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაშია შესაძლებელი.