მარშალ გელოვანის გამზირი სავარაუდოდ ორ დღეში გაიხსნება
მარშალ გელოვანის გამზირზე მდინარე დიღმულაზე მდებარე ხიდის რეკონსტრუქცია სრულდება.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ ხიდზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერეს.
„ხიდი ძლიერად იყო დაზიანებული და აქედან გამომდინარე, მთლიანად მოხდა მისი აღდგენა. ხიდი კაპიტალურად გაკეთდა, გამოიცვალა საყრდენი ნაწილი, ამჟამად სრულდება ზედა საფარის დაგების სამუშაოები. ნაცვლად გათვალისწინებული ოთხი თვისა, სამუშაოები სამ თვეში დასრულდა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა და დაგეგმილზე ერთი თვით ადრე დასრულდა. რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. ობიექტი ექსპლუატაციაში უახლოეს ორ დღეში შევა.
ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შ.პ.ს „მამისონი“ აწარმოებს, დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 1 მლნ ლარი დაიხარჯა. მდინარე დიღმულაზე გადასასვლელი ხიდი 1958 წელს დაპროექტდა და აშენდა. ბოლო რეკონსტრუქცია 1970-ან წლებში ჩაუტარდა, ხოლო ბოლო გამოკვლევა 2000 წელს.