თეიმურაზ მურღულია საავტომობილო და სხვა სამრეწველო ზეთების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია საქართველოში საავტომობილო და სხვა სამრეწველო ზეთების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გააცნო.
როგორც „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, რეგულაცია პროდუქტის ბაზარზე განმათავსებელს ან/და მწარმოებელს, რომელთა პროდუქტი შემდგომში სპეციფიკური ნარჩენი ხდება, პროდუქტისთვის იმგვარი ფორმის მიცემას ავალდებულებს, რომელიც შეამცირებს ნარჩენებს და შესაბამისად, გარემოზე უარყოფით გავლენას. კომპანიებს ასევე დაეკისრებათ გამოყენებული პროდუქციის (ნარჩენის) შეგროვების, სეპარაციის და დამუშავების პასუხისმგებლობა. რეგულაცია ძალაში 2019 წლიდან შევა და მისი დანერგვა ეტაპობრივად მოხდება. ამოქმედების პროცესის გამარტივების მიზნით, სამინისტრო, ზეთების იმპორტიორ კომპანიებთან ერთად იწყებს საპილოტე პროგრამას, ნახმარი ზეთების მართვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებისთვის.