დავით უსუფაშვილი სერჟ სარქისიანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს შეხვდა.
როგორ დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, სერჟ სარქისიანი არა მხოლოდ გამოჩენილი და გამოცდილი პოლიტიკოსი, არამედ საქართველოსა და სომხეთის მეგობრობის დიდი გულშემატკივარია.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის უფრო გაღრმავების საქმეში.
სერჟ სარქისიანის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთის მეგობრობას ისტორიული საფუძველი გააჩნია, რაც მათ საშუალებას აძლევს, ყველა საკითხი ღიად და გულახდილად განიხილონ. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმტკიცების საქმეში პარლამენტების შეუცვლელ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კმაყოფილია საქართველო-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მუშაობით და მათგან კიდევ უფრო მეტ აქტიურობას და თანამშრომლობას მოელის.
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოში მისი 2014 წლის ვიზიტი გაიხსენა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და სომხეთს განსხვავებული საგარეო პოლიტიკური მიმართულებები გააჩნიათ, ამან ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. მისივე შეფასებით, ქვეყნებმა ამ ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს და დღეს საქართველო-სომხეთის ურთიერთობები კიდევ უფრო მტკიცე და ძლიერია ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინ იყო.
დავით უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერჟ სარქისიანის საქართველოში ვიზიტი მომავალ თანამშრომლობას დამატებით პოზიტიურ იმპულსს მიცემს.
„არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც პრეზიდენტები გვსტუმრობენ, თუნდაც ასეთი მეგობრული ქვეყნის პრეზიდენტები. ეს იმით არის განპირობებული, რომ ჩვენ გვჭირდება გაცილებით უფრო ინტენსიური ურთიერთობა და თანამშრომლობა ერთმანეთში. ჩვენ ამაზე შევჯერდით. პრეზიდენტის დელეგაციაში იყვნენ პარლამენტის წევრები, მათ შორის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რომელიც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს. შევთანხმდით, რომ პარლამენტები კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას გავაგრძელებთ. მე მოხარული ვარ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა აღმავლობისკენ მიდის. არის საკითხები, რომლებშიც ჩვენი სტრატეგიული ხედვა განსხვავებულია, მაგრამ ვახერხებთ ამ განსხვავებული ხედვების პირობებში ორმხრივი ურთიერთობების ძალიან ურთიერთხელსაყრელად წარმართვას. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონში არსებული ვითარება, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთმანეთის მდგომარეობა და ხელი არ უნდა შევუშალოთ ერთმანეთს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა ზოგადად პოლიტიკური და მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება და გამყარდება ურთიერთობა საქართველოსა და სომხეთს შორის“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები