მანანა კობახიძე: პატიმრებს ხოცავდნენ და მერე “თვითმკვლელობას” აბრალებდნენ

პატიმრებს ხოცავდნენ და მერე “თვითმკვლელობას” “აბრალებდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მანანა კობახიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს და ყოფილ ომბუდსმენსა და სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრს გიორგი ტუღუშს მწვავედ აკრიტიკებს.
კობახიძის თქმით, გიორგი ტუღუშს თავის დროზე რომ ემოქმედა, კახა თედლიაშვილი, “წინა ხელისუფლების ერთ-ერთი თვალსაჩინო მსხვერპლი“, დღეს ცოცხალი იქნებოდა.
“გუშინ “რუსთავზე” გაბუნია ისევ მონდომებით ცდილობდა დანაშაულებრივი რეჟიმის “გარეცხვას. ეტყობა, იფიქრა ტუღუშიც ცოტას შემეშველებაო, თუმცა ვერცერთს ვერ გამოუვიდა, ფაქტია! ამ უკანასკნელის ანგარიშებში რაც აისახა, ისიც სრულიად საკმარისია იმის დასტურად, რომ სისტემური იყო ცემა-წამება და არ შეიძლება საუბარი რაიმეს დადგმაზე.
უფრო მეტიც, პატიმრებს კლავდნენ და მერე “თვითმკვლელობას” “აბრალებდნენ”. აი, ამ ადამიანს რომ ემოქმედა, კახა თედლიაშვილი – ერთ-ერთი თვალსაჩინო მსხვერპლი წინა ხელისუფლების, დღეს ცოცხალი იქნებოდა.
პატიმარი თავად და მისი ადვოკატი ხმამაღლა, ღიად და დაუფარავად, ბოლო ხმაზე ყვიროდნენ, რომ მოკვლით ემუქრებოდნენ და ეს რეალური იყო! სწორედ, ტუღუშს პირადად მიმართავდნენ, რომ არაფერი ვთქვათ ადეიშვილზე, კალმახელიძეზე, ლაშა თორდიაზე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარეზე – აი, ეს იყო გაცხადებული სიკვდილის ქრონიკა, ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა და მაინც მოკლეს! შემდეგ თოკით ჩამოჰკიდეს და “თვითმკვლელად” გამოაცხადეს.
ამ ახალგაზრდა კაცის და მისი პატარა, დაობლებული გოგონას ცოდვაც გეყოფათ, ბატონო ტუღუშო! გრცხვენოდეთ, რადგან მაინც ვერ ახერხებთ და ბოლომდე არ ამბობთ სათქმელს, მაინც ცდილობთ ნაცების ” გარეცხვას”, – წერს მანანა კობახიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები