დავით დვალი: პროკურატურას ან უფლებას არ აძლევენ, ან არ ყოფნის შნო, რაღაცები ბოლომდე გამოიძიოს
“რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი არ კარგავს იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს პროკურატურას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით კონკრეტული პასუხის გაცემა მოუწევს.
ის “ნეტგაზეთთან” იმ გარემოებებზე საუბრობს , რის გამოც მან და ჯარჯი აქიმიძემ (“რუსთავი 2”-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი) 2004 წელს ტელეკომპანიის წილის 60% დათმეს. დავით დვალი “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ის ადამიანია, რომელიც ტელეკომპანიაში თავისი წილის დაბრუნებას დღემდე ცდილობს.
დვალი იმ გარემოებებზე საუბრობს, რატომ ვერ მიიყვანა მისი და ჯარჯი აქიმიძის საჩივარი ბოლომდე პროკურატურამ.
“მე შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად დაიწყო. ძალიან ბევრი ადამიანი დაიკითხა. ერთ მშვენიერ დღეს რაღაც შეფერხდა. როცა მოვიკითხეთ, გვითხრეს გამომძიებელი შეიცვალაო, ახალმა გამომძიებელმა თქვა, ცოტა დრო უნდა მომცეთ, რომ საქმეში გავერკვეო. რამდენადაც ხმები მოდის ჩემამდე, ის საქმე პრაქტიკულად დამთავრებულია, ყველა დაკითხულია, მაგრამ თაროზე დევს. ახლა მე გკითხავთ პირიქით, როცა მეუბნებით, რატომ არ გამოიძიესო: სხვა საქმეები რატომ არ გამოიძიეს? მე მაქვს განცდა, რომ პროკურატურას ან უფლებას არ აძლევენ, ან თვითონ არ ყოფნის შნო, რომ რაღაცები ბოლომდე მიიყვანოს. იქ რა ჩვენებებიც დაიდო, იმავე ოპონენტების მხრიდან, ეროსიმაც მისცა ჩვენება, რაც თვითონ ეროსისგან ვიცი, რადგან შემდეგ მომიყვა, რაც ილაპარაკა, ყველაფერი მეტყველებს ერთ რამეზე: სახეზეა დანაშაული ჩვენ წინააღმდეგ. არ ვკარგავ იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს პროკურატურას მოუწევს ან “ა” თქვას ან “ბ”, -იხსენებს დვალი.
როგორც დვალი ამბობს, ეროსი კიწმარიშვილმა უთხრა, რომ პროკურატურასთან ყველა დეტალი გულახდილად მოყვა.
“მე მითხრა, რომ ყველა დეტალი გულახდილად მოყვა, როგორ ავალებდა სააკაშვილი ჩვენი თავის მიბმას, როგორ დაავალეს, რომ გაკოტრებაზე გაეშვათ „რუსთავი 2“, ოღონდ ხსნიდა, რომ მოატყუეს, რადგან ჰპირდებოდნენ ამნისტიას და დავალიანების ჩამოწერას და შემდეგ მეც მომიშორესო. ანუ ის, რომ უშუალოდ ხელისუფლება იყო ჩარეული ამ დეტალებში. მთლიანად დადასტურებული აქვს ეს, მე რამდენადაც ვიცი”, – აცხადებს დვალი.