ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენზე ამბობენ, რომ ვებრძვით სიტყვის თავისუფლებას, ამაზე დიდი უსამართლობა რა შეიძლება დააბრალო ადამიანს
მედიასივრცე არის გაჯერებული მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი საგარეჯოს ამომრჩეველს ესაუბრა.
პრემიერის განცხადებით, მედიასაშუალებები მოსახლეობას მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციას აწვდიან.
„მოდით შევხედოთ დღეს რა ხდება მედიის მიმართულებით. დღეს ტელევიზიები არიან აბსოლუტურად თავისუფალი. მოსახლეობას ესმის მხოლოდ ნეგატივი, პრობლემები. ისედაც დაძაბულ მოსახლეობას ყოველდღიურად ძაბავენ. იმ სიკეთეებზე, რომელიც ახლა აქ ჩამოგითვალეთ, პრაქტიკულად არ არის საუბარი მედიაში. ყოველდღე საუბარია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა ავტოავარიაში, სად რა ინციდენტი მოხდა. მთელი დღე მედიასივრცე არის გაჯერებული მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციით. ჩვენზე, ჩვენს მთავრობაზე ამბობენ, რომ ვებრძვით სიტყვის თავისუფლებას. ამაზე დიდი უსამართლობა რა შეიძლება დააბრალო ადამიანს? ერთადერთი ტელევიზია, რომელიც მთავრობასთან იყო ასოცირებული, ეს იყო “მე-9 არხი”, რომელიც ეკუთვნოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და სწორედ ბატონმა ბიძინამ დახურა ეს არხი პრეზიდენტ მარგველაშვილის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სანამ პოლიტიკიდან წავიდოდა. მას შემდეგ, გადახედეთ ნებისმიერ ტელევიზიას, არის მხოლოდ ოპოზიციური”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროპაშიც, ამერიკაშიც, ყოველთვის არის მეორე, დამაბალანსებელი, ალტერნატიული წყარო ინფორმაციის მიღების.
“სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი მედიასაშულებები მუშაობას გააუმჯობესებენ, მოსახლეობას სწორად მიაწვდიან ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ოჯახმა დაგეგმოს სწორად საკუთარი მომავალი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.