ბიძინა ივანიშვილი: ნახეთ მარგველაშვილმა ნიუ – იორკში რა გააკეთა, სასაცილოები გავხდით მსოფლიოს თვალში
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნიუ-იორკში ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის ერთდროული ვიზიტი შეაფასა და პრეზიდენტი გააკრიტიკა.
როგორც “იმედის” ეთერში ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, კანონმდებლობით მთავრობა წყვეტს იქ ვინ უნდა წასულიყო, კანონი მიანიშნებს სად უნდა იჯდეს პრეზიდენტი და რას დაექვემდებაროს.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ვერ მალავს, რომ ოპოზიციაში წავიდა. გუნდის წევრი იყო და მეორე დღესვე გუნდს დაუპირისპირდა.
“ნახეთ ნიუ იორკში რა გააკეთა, სასაცილოები გავხდით მსოფლიოს თვალში. ჩემი ნათესავი იყო რაგბის მატჩებზე წასული, სტადიონზე გვერდით მჯდომმა მკითხა: აა, შენ ისა ხარ ნიუ იორკში ორი უმაღლესი დელეგაცია რომ წავიდა ერთდროულადო?! ესეთი რამ არ მომხდარა. მე ამერიკელებთანაც ვერ ვისაუბრე, ისინი შეშფოთებულები იყვნენ. ასეთი არ მომხდარა, ამ კაცმა მოახერხა ეს. ამ დროს პოლიტიკოსები გამოდიან, მათ შორის, ჩვენი გუნდიდანაც და კითხვებს სვამენ, ელჩი უნდა ყოფილიყო ღარიბაშვილთან, თუ უნდა დახვედროდა მარგველაშვილსო… კანონმდებლობით მთავრობა წყვეტს, იქ ვინ უნდა წასულიყო, კანონი მიანიშნებს, სად უნდა იჯდეს პრეზიდენტი და რას დაექვემდებაროს. ჩვენი საზოგადოების პრობლემა ის არის, რომ აქცენტებს სწორად ვერ აკეთებენ. რა უნდოდა, რატომ წავიდა და რისთვის. შარშან თუ ვერ მოახერხა, თუ ვერ გაბედა, წელს მაინც წავიდა. ეს კაცი ვერ მალავს, რომ ოპოზიციაში წავიდა. გუნდის წევრი იყო და მეორე დღესვე გუნდს დაუპირისპირდა. დღეს რა თქმა უნდა, დაკნინებული “ნაციონალების” ზურგის გამაგრებას ცდილობს.
მაგის ბიოგრაფია და ღრმა წარსული რომ შემესწავლა, საუბედუროდ, მაგის დრო არ მქონდა, რა თქმა უნდა, კანდიდატად არავინ არ წამოაყენებდა. არ მინდა მაგის წარსულზე გავაკეთო განცხადება, სად იდგა და როგორ იდგა და რას აკეთებდა. ოდესღაც ამ ანალიზს თავიდან ბოლომდე გავაკეთებ. ყველაფერს ვიტყვი, მე ვიცი პრობლემა სადაცაა. ვინ აიძულა ნიუ – იორკში წასვლა, ის თავად ცდილობს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. მსოფლიო მაგალითის ისტორიაში ვერ ნახავთ, რომ გუნდი მოვიდა ერთად და მეორე დღესვე შემობრუნდა. ის უნდა გაერკვეს საკუთარ ხასიათში. ის უპირისპირდება საკუთარ თავს. კეთილი ინებოს, სიტყვებსაც გაუწიოს ანგარიში, თავის პოზიციასაც და იმასაც, რომ იგი მოსახლეობას უნდა ემსახურებოდეს და ცინიკურ განცხადებებს ნუ აკეთებს. დღეს მე საკმაოდ მძიმე განცადებები გავაკეთე პრეზიდენტის მისამართით, თუმცა ვცდილობდი არ გადამეხვია ნორმებიდან. საბედნიეროდ, პრეზიდენტს კონსტიტუციით ჭარბი უფლებები არ აქვს, თორემ გაცილებით მეტი პრობლემები ექნებოდა ქვეყანას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.