“როცა წამების კადრების გადაღება ხდებოდა, როგორც მაშინ იცავდა კანონს გვარამია, სწორედ ისე დგას თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე ახლა”

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს უკრაინულ პორტალ “tube.ua-ს მიერ გავრცელებული წამების ამსახველი ვიდეო კადრები არც ახლა და არც აქამდე არ უნახავს. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა. ივანიშვილის თქმით, თუ დამტკიცდება, რომ მთავრობის რომელიმე წევრმა ვიდეოს გავრცელებაში მიიღო მონაწილეობა, რეაქცია იქნება ადეკვატური.
“მე არ მინახავს ის კადრები არც ახლა და არც ადრე, ხალხის რეაქციიდან გამომდინარე ვიცი, რომ საკმაოდ მძიმე შინაარსის იყო.
ჩემი დამოკიდებულება კადრების შინაარსთან დაკავშირებით არის მარტივი და კარგ მაგალითს გაგახსენებთ. გახსოვთ, გელა ხვედელიძე, შტაბის უფროსი და და მინისტრის მოადგილე იყო, ჩემთანაც ძალიან ახლო დამოკიდებულება ჰქონდა, როდესაც მან გამოაქვეყნა, ყოველ შემთხვევაში, გამოძიებამ ასე დაადგინა თავის დროზე, რაღაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მიერ იყო გადაღებული, რა თქმა უნდა, ნახეთ ჩვენი რეაქცია.
მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი მაშინ და ნახეთ როგორ დაუზოგავად მოვექეცით გუნდის წევრს, განსხვავებით “ნაციონალური მოძრაობისგან”. ნახეთ, როგორი თამაშის წესი დავამყარეთ, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში. ჩვენ ხალხის მიერ არჩეულები ვართ, თავის დროზე ხალხმა აგვირჩია. ჩვენ უნდა ვემსახუროთ ხალხს და არა ერთ გუნდს.
დღესაც იგივე მოხდება. თუ დამტკიცდება, რომ ვიღაც მთავრობის წევრმა ამაში მიიღო მონაწილეობა, გარწმუნებთ, რომ რეაქცია იქნება ადეკვატური”, -განაცხადა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ძირითადი აქცენტები იმაზე კეთდება, რომ კადრების გავრცელებაა დანაშაული და არა ის, რაც კადრებშია ასახული.
“დღეს “ნაციონალური მოძრაობის” მცდელობით, ისევ ამ სიცრუის მანქანის მცდელობით, ძირითადი აქცენტი მიდის იმაზე, რომ ყველაზე დიდი დანაშაული არის მისი გავრცელება და არა ის, რაც შიგთავსია. ეს კატასტროფა იყო რაც ხდებოდა მათ დროს. ეს ხალხი ამას აკეთებდა წლების განმავლობაში.
მინდა პარალელი გავავლო, ვაჟბატონ გვარამიასთან, იგი მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ, როდესაც იმ კადრების გადაღება ხდებოდა, როგორც მაშინ იდგა კანონიერების სადარაჯოზე გვარამია, სწორედ ისე დგას თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე ახლა. როგორც მაშინ იცავდა კანონიერებას, ახლაც ისე იცავს თავისუფალ სიტყვას”, – დასძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები