ბიძინა ივანიშვილი “რუსთავი 2”-ზე: იქნებ მათ სასარგებლოდ წყდება ყველაფერი?!
“რა ხდება “რუსთავი 2″- ში, რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი, საოცარი ისტერიკა ატეხილი, იქნებ, მათ სასარგებლოდ წყდება ყველაფერი”, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე შეფასებით, ეს არის ბრძოლა ორ სუბიექტს შორის.
“ეს არის ბრძოლა ორ სუბიექტს შორის, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და თვითონ “რუსთავი 2” -ის ხელმძღვანელი ყველანაირად ცდილობენ დახატონ, რომ ეს არის მთავრობის დაკვეთა და რომ მათ მთავრობა ებრძვის.
“საოცარი აჟიოტაჟია ატეხილი სასამართლოს ირგვლივ. რეალურად თუ შევხედავთ რა ხდება, – სასამართლოში ჩივის ქიბარ ხალვაში, ყოფილი მფლობელი დაობს საკუთარ ქონებაზე.
საბედნიეროდ, თუ საუბედუროდ, ტელეკომპანია “მაესტროშიც” ხდება მსგავსი პროცესები. რამდენადაც მე ვიცი და მაქვს ინფორმაცია, თითქოს იქაც იყო მცდელობა იმის, რომ ვითომ იმ პროცესებშიც მთავრობა ერევა, მაგრამ მიწყნარდა საბედნიეროდ. დარწმუნებული ვარ, რომ არცერთ შემთხვევაში მთავრობა არაფერ შუაშია.
რა ხდება “რუსთავი 2″- ში, რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი, საოცარი ისტერიკა, ჯერ ერთი, სასამართლო პროცესი მიდის, იქნებ მათ სასარგებლოდ წყდება ყველაფერი. უკვე ისეთი განცხადებები გაკეთდა… ვერ ასაბუთებენ, რაღაცას მარჩიელობენ”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით ქვეყანაში არანაირი დესტაბილიზაცია და სამოქალაქო დაპირისპირება არ არის მოსალოდნელი.
“არაფერი ხდება გარდა ამ 2 ათასი კაცისა. 2 ათას კაცს ნებისმიერ ქელეხზე მოაგროვებ. “რუსთავი 2″ დაათრევს ამ 2 ათას კაცსს – ზოგს ფულს უხდის, ზოგი ნათესავია, ზოგი მეგობარია და აწვალებს. არაფერი არ ხდება. რომელ სამოქალაქო დაპირისპირებაზეა საუბარი?…
მინდა ხალხს სიმშვიდისა და სიწნარისკენ მოვუწოდო. 2 ათას კაცს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ ქელეხზე მოაგროვებს ნებისმიერი ოჯახი”, – განაცხადა ივანიშვილმა.