მანანა კობახიძე: ჩვენი ვალია, არ დავუშვათ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული დანაშაულის ჩადენა
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოება დავიცვათ და უზრუნველვყოთ, არ დავუშვათ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული, ორგანიზებული დანაშაულის ჩადენა, თუკი ვინმე ამისთვის ემზადება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე წერს.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება არა თანამდებობას და სკამებს, არამედ სახელმწიფოებრივ ინტერესს დაიცავს.
“მე არ ვიცი, ზუსტად რა ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყო გამოძიება უსაფრთხოების სამსახურმა, ეს მათი უშუალო კომპეტენციაა. როგორც ჩანს, მართლაც, არსებობს ოპერატიული მასალა, რის საფუძველზეც მათ ეს განახორციელეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოება დავიცვათ და უზრუნველვყოთ, არ დავუშვათ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული, ორგანიზებული დანაშაულის ჩადენა და თუკი ვინმე ამისთვის ემზადება, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, კარგად იცოდნენ, რომ არ გამოუვათ! ბევრისგან განსხვავებით, ჩვენ სამშობლო ერთი გვაქვს და დავიცავთ ბოლომდე, თანამდებობებს და სკამებს კი არა, ჩვენი ქვეყნის უკეთეს და ღირსეულ მომავალს! ამიტომ, წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ძალოვან უწყებებს და იმედი მაქვს, ნებისმიერ კითხვას პასუხი გაეცემა და მხოლოდ კანონის ფარგლებში”, – წერს მანანა კობახიძე.