კახა კალაძე: გამოძიება იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის დაიწყო, ვინც „რუსთავი 2“-ში მუშაობს
გამოძიება იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის დაიწყო, ვინც „რუსთავი 2“-ში მუშაობს, – აღნიშნული განცხადება ვიცე პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გააკეთა.
„ეს იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის გაკეთდა, ვინც „რუსთავი 2“-ში მუშაობს. ასევე, ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ მოწოდებებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან, რაც შეიძლება გარკვეული ჯგუფების მიერ აღქმული იყოს დაპირისპირებასთან და რომ ეს ყველაფერი აცილებულ იქნას თავიდან, ზუსტად მაგის გამო არის ეს გადაწყვეტილება მიღებული.
ვფიქრობ, რომ ნებისმიერმა სახელმწიფომ უნდა დაიწყოს, როგორც ჩვენთან მოხდა, ანალოგიურად უნდა დაიწყოს კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება და ყველა იმ ადამიანის დაკითხვა უნდა მოხდეს, ვისაც რაიმე კავშირი აქვს და ვისაც შეიძლება რაიმე ტიპის ინფორმაცია ჰქონდეს ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით”, – აცხადებს კახა კალაძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, თითქოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიას 22 ოქტომბერს, სტამბოლის ათა-თურქის აეროპორტში ესაუბრება. საუბრის სტენოგრამაში სააკაშვილისა და ბოკერიას მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გეგმაზეა საუბარი.
ამასთან, საგანგებო განცხადება გაკეთდა შსს-შიც.
“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს განსაკუთრებულ ზომებს. ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის მთელ ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეკამერები, რომელთა საშუალებითაც, მთელი პერიმეტრის 24-საათიანი კონტროლი მოხდება. ამასთან, აღნიშნულ ტერიტორიაზე, დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმორიგევებენ საპატრულო ეკიპაჟები, რათა უზრუნველვყოთ მოქალაქეების, მათ შორის, ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი პროვოკაციები”, – განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა პერტაიამ სპეციალურ ბრიფინგზე.