ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა მედიასაშუალება მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული

ყველა მედიასაშუალება მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული და მიჰყვება ჯალათებისა და სადისტების დღის წესრიგს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში მედიით გადმოცემული ნეგატიური ინფორმაცია არ ბალანსდება.
“როცა ასჯერ გეტყვიან, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს და უუნაროა, გიჩნდება ეჭვი, მართლა ასე ხომ არ არის, მითუმეტეს, რომ ამის გადამოწმების საშუალება არ გაქვთ. არ არსებობს ალტერნატიული წყარო, რომელიც სიმართლეს გეტყვით. ამიტომ ვეუბნები მინისტრებს, რომ უნდა ვიაროთ რეგიონებში და უნდა გითხრათ სიმართლე, ღიად მივიღოთ თქვენგან კრიტიკაც, მოვისმინოთ პრობლემებიც. ყველგან ასეა – ევროპაში, ამერიკაში არსებობს დაბალანსებული, ინფორმაციის მიღების ორი ალტერნატიული წყარო – ერთი შეიძლება იყოს ხელისუფლების საწინააღმდეგო, მაგრამ მეორე დამაბალანსებელია. ჩვენთან აბსოლუტურად უკუღმაა ყველაფერი. ყველა მედიასაშუალება მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული და მიჰყვება ჯალათებისა და სადისტების დღის წესრიგს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე, ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქართული მედიის მუშაობის ხარისხი დაიხვეწება და ქვეყანაში არსებულ პროგრესსა და პოზიტივზე გააკეთებს აქცენტს.
“მე მჯერა, რომ ეს არის დროებითი. თვითონ მედიასაშუალებებიც მიხვდებიან, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მჯერა, რომ მათი მუშაობის ხარისხი დაიხვეწება და ყველა გაიგებს, რომ ხალხს აინტერესებს პოზიტივი, პროგრესი, რომელიც ქვეყანაში ხდება და არა ნეგატივი, ჩხუბი, ავტოავარია და ა.შ. თუ ჩვენ ერთმანეთს არ ჩავუსახეთ რწმენა, უკეთესი მომავლის იმედი, ასე ვერ გავუძლებთ – ვერც ერთი მთავრობა ვერ გაუძლებს, ვერც ერთი ხალხი ვერ გაუძლებს. ეს უნდა შეიცვალოს და მე მჯერა, რომ ჩვენ ამას დროთა განმავლობაში მივაღწევთ – მიუკერძოებლები გახდებიან მედიასაშუალებები. როცა ჩვენ რაღაცას ვაშავებთ, რა თქმა უნდა, უნდა გვითხრან, უნდა გააშუქონ პრობლემები, მაგრამ როცა მთავრობა მნიშვნელოვან რაღაც აკეთებს ხალხისთვის ბევრი მიმართულებით, კეთილი ინებონ ამ ადამიანებმა და მიგვატანინონ სათქმელი ხალხამდე” , – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ქვეყანა იმართება დემოკრატიულად. “ქვეყნის მართვა ძალადობის გზით, იმ მეთოდებით, რომელსაც იყენებდა წინა მთავრობა, არის დამღუპველი. პირველად, ქვეყანა იმართება დემოკრატიულად”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები