ნოდარ კერესელიძე UNDP-ის კატასტროფების მართვის ცენტრის მმართველ დირექტორს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე გაეროს განვითარების პროგრამის კატასტროფების მართვის ცენტრის მმართველ დირექტორს, ფადი ჰამდანს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განვითარების 2015-2020 წწ სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე. ნოდარ კერესელიძემ დარგის განვითარებაში ევროკავშირის პროგრამის: “ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ მნიშვნელოვან როლზეც გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე კატასტროფებისა და სტიქიური მოვლენების დროს მიყენებული ზარალის შეფასების, კრიტერიუმების დადგენის პროცესში და სალიკვიდაციო სამუშაოებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართულობაზე ისაუბრეს.
როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პირდაპირი კომპეტენცია არ არის ზარალის დათვლა და შეფასება, თუმცა სპეციალურ კომისიებში უწყების წარმომადგენლები, საჭიროებისამებრ, ერთვებიან.
თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებშიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებები: სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, შპს “საქართველოს მელიორაცია“ და შპს „მექანიზატორი“ აქტიურად მონაწილეობდნენ.
მინისტრის პირველმა მოადგილემ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის შესახებ ისაუბრა. ნოდარ კერესელიძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2014 წლიდან დაწყებულ “აგროდაზღვევის პროგრამაზე“ გაამახვილა ყურადღება და ფადი ჰამდანს პროგრამის შედეგებიც გააცნო.