ზაზა გაბუნიამ ახლად რეაბილიტირებული ქუჩები დაათვალიერა

ნაძალადევის რაიონში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.
ნაძალადევის რაიონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 ქუჩაზე სრულდება. 5000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის საფარი დაიგო სტურუას ქუჩაზე, სადაც სარემონტო სამუშაოები 40 წელზე მეტია არ ჩატარებულა. პარალელურად ასფალტის დაგება მიმდინარეობს ურეკის ქუჩის 3000-მდე კვადრატული მეტრის ფართობზე, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციებიც.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა გლინკას ქუჩაზე არსებულ ტროტუარებსაც (1300კვმ).
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელსაც ფაქტობრივად არც კი ახსოვს ამ ქუჩებზე ასფალტის არსებობა. ვფიქრობ, ახლად რეაბილიტირებული გზები მოსახლეობას ბევრ პრობლემას მოუხსნის და საშუალებას მისცემს მოწესრიგებულ გარემოში იცხოვროს“, – განცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ნაძალადევის რაიონში ასფალტის სარემონტო სამუშაოები დაახლოებით 70 000 კვადრატულ მეტრზე შესრულდა. საერთო ჯამში, რეაბილიტაცია დასრულდა და მიმდინარეობს 35 ქუჩაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები