„მამედოვის განცხადება მანიშნებელია, რომ აზერბაიჯანელი მომწოდებლები ქართულ ბაზარზე კონკურენტს ხედავენ“

ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტ პაატა ცინცაძის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს ბუნებრივი აირით მთლიანად მაინც ვერ უზრუნველყოფს.
როგორც ცინცაძემ SOCAR Georgia-ს გენერალური დირექტორის მაჰირ მამედოვის განცხადების შეფასებისას განაცხადა, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის მცდელობა, რომ რუსეთიდან ბუნებრივი გაზი მიიღოს, აბსოლუტურად გამართლებულია.
„მამედოვის ეს განცხადება, პირველ რიგში, იმაზე მიუთითებს, რომ მათ არ უნდათ საქართველოში ამ ბაზარზე ჰყავდეთ კონკურენტი. ახლა ჩვენ ფაქტობრივად, ერთ მომწოდებელზე, აზერბაიჯანზე ვართ დამოკიდებული, რაც ცუდია. როგორი კარგი ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს და რომელი სახელმწიფოც არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს ბაზარზე კონკურენტული გარემო იყოს. ამ თვალსაზრისით, კალაძის მცდელობა, რომ რუსეთიდან მიიღოს ბუნებრივი გაზი, არის აბსოლუტურად გამართლებული. რაც შეეხება დაკმაყოფილებას, ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის არც ერთი წელი არ ყოფილა რუსეთიდან, გარდა ტრანზიტით მიღებული გაზისა, დამატებით რომ არ შეგვესყიდა ბუნებრივი აირი. მთლიანად მაინც ვერ უზურნველგვყოფდა აზერბაიჯანი. მეორე მომენტია, რომ საქართველოში მოხმარება ყოველ წელიწადს იზრდება. პირველ რიგში, იმიტომ იზრდება, რომ თითქმის მთელი ქვეყნის გაზიფიცირება მოხდა და კიდევ 700 სოფელი უნდა დაემატოს. ამ ახალ გაზიფიცირებულ რაიონებს, გაზი ხომ უნდა მივაწოდოთ“, – განაცხადა ექსპერტმა.
მისი აზრით, ენერგეტიკის მინისტრი უნდა დაელაპარაკოს ყველას, მათ შორის ყაზახეთს, ირანს და „გაზპრომსაც“, თუ შესაძლებელია.
„ყველა მხრიდან უნდა ვეცადოთ, რომ აქ შევქმნათ კონკურენტული გარემო. ძალიან კარგის მანიშნებელია, თუ მამედოვმა ეს განცხადება გააკეთა. ანუ ისინი, რეალურად ხედავენ კონკურენტს, ქართულ ბაზარზე და ჩვენ მიმართ მათი მოთხოვნაც, შედარებით ლოიალური იქნება. ასე, რომ მე მხოლოდ დადებითად შევაფასებდი ენერგეტიკის სამინისტროს ამ მცდელობას. სხვათა შორის, აქ კიდევ ერთი მომენტია, როცა „შაჰ-დენიზის“ გაზსადენი აშენდა, იმ გაზსადენს 12 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა გაეტარებინა. 6 მილიარდზე მეტი ვერ გაატარა. ჩვენ ტრანზიტის საფასურს მხოლოდ 5%-ს ვიღებთ და შეღავათიან ფასად კიდევ რაღაცას. რადგან მან 6 მილიარდზე მეტი ვერ გაატარა, ამიტომ ჩვენ 300 მილიონს ვიღებთ ტრანზიტის საფასურს, 500 მილიონის ნაცვლად. ასე, რომ არც ისეა საქმე, როგორც მამედოვი ამბობს, რომ თითქოს აზერბაიჯანში ყველაფერი წესრიგშია და გაზი ბევრი აქვთ. თვითონ არ ყოფნით გაზი და თვითონაც ეზრდებათ მოხმარება. ასე, რომ ნეტავ კიდევ იყოს სხვა ქვეყანა, რომელიც გაზს მოგვაწვდიდა და მათთანაც გვქონდეს მოლაპარაკებები“, – აღნიშნა ცინცაძემ. ცნობისთვის, SOCAR Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მოსახლეობისთვის საჭირო რაოდენობის გაზის მიწოდებას.
როგორც მაჰირ მამედოვმა გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რეალობა ის არის, რომ საქართველოში ყოველდღიურად 5 მილიონი კუბური მეტრი გაზი, პლუს „შაჰდენიზის“ კიდევ 1 მილიონი კუბური მეტრი შემოდის. საქართველოს მოსახლეობის მოხმარებული რაოდენობა კი, დღეში 6.2 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.
აზერბაიჯანულ ინტერნეტგამოცემასთან ინტერვიუში, „სოკარის“ დირექტორი ამ განცხადებით საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება მოხმარებული გაზის რაოდენობა, რისთვისაც აზერბაიჯანული მხარის მიერ მოწოდებული რაოდენობა, საკმარისი არ არის და სწორედ ამიტომ აწარმოებს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები