„მედიათავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი და მთავრობა ნამდვილად დგას ამ ფასეულობაზე“
საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მედიათავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი და მთავრობა ამ ფასეულობაზე დგას.
როგორც მინისტრმა განაცხადა, სასამართლომ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ არცერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს, თუნდაც ამისთვის დამატებითი ლეგიტიმაციის ელემენტები გახდეს საჭირო.
„მედიათავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენი მთავრობა ნამდვილად დგას ამ ფასეულობაზე, ამიტომ, მინდა ყველა დავარწმუნო, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არცერთი სატელევიზიო თუ მედიაკომპანიის პოლიტიკაში ჩარევა, არ უნდა მოხდეს. მე ვფიქრობ, რომ გაცილებით ნაკლები ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას, თუნდაც ყველაზე არაობიექტურმა სამაუწყებლო სარედაქციო პოლიტიკამ რომელიმე მაუწყებლობის, ვიდრე იმან, რომ თუნდაც რაიმე ეჭვი გაჩნდეს ჩვენ მეგობრებში და პარტნიორებში ქვეყანაში მედიასთან დაკავშირებით. მინდა ამ შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობასაც მოვუწოდო და ყველა იმ ადამიანსაც, რომელიც ამის საწინააღმდეგო პოზიციაზე დგას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანამ უნდა გადააბიჯოს იმ ზღვარს, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება მოგვწონს თუ არ მოგვწონს, იქნება მისაღები. თუმცა, სასამართლომაც უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებში, მეგობრებში არცერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს, თუნდაც ამისთვის დამატებითი ლეგიტიმაციის ელემენტები გახდეს საჭირო“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.