ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ქვეყნის რევოლუციის 59-ე წლისთავს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს უნგრეთის რევოლუციის 59-ე წლისთავს ულოცავს და უნგრელ ხალხს წარმატებასა და მშვიდობას უსურვებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მეთაური უნგრელ კოლეგას მისალოც წერილს უგზავნის, რომელშიც გამოთქვამს იმედს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.
“საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და უნგრელ ხალხს 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის 59-ე წლისთავს, რომელმაც ცხადყო უნგრელი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო უნგრეთისა და საქართველოს მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება ჩვენივე ქვეყნების სასიკეთოდ. გისურვებთ თქვენ და მეგობარ უნგრელ ხალხს წარმატებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას”, – ნათქვამია მისალოც წერილში.