ნიკა გვარამია: შემომთავაზეს სპეციალური დაცვა, რაზეც უარი ვთქვი
შეკითხვები ეხებოდა ფაქტებს, რომლებიც ეთერში მოისმინეთ, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, მას პროკურატურის წარმომადგენლებმა დაცვის აყვანა შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა.
“შეკითხვები ეხებოდა ფაქტებს, რომლებიც ეთერში მოისმინეთ. ადამიანზე, ვინც ამაზე ისაუბრა, მე სრული ინფორმაცია მოვაწოდე. ვიდეოჩანაწერებიც გადავეცი, ეს უკვე გამოძიების საკითხია, თუმცა, სრულიად დაწრმუნებული ვარ, რომ გამოძიება არ წარიმართება, მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა გამომძიებლის მიმართ.
აქ კიდევ მეორე საქმეა “რუსთავი 2”-ის და ჩემი მონაწილეობით, რომელიც ფარულ მიყურადებას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ნათელია და გამოძიება ერთი ნაბიჯით არ წასულა წინ. იგივე ბედი ეწევა ამ საქმესაც. “რუსთავი 2″ უნდა დასაჯოს ხელისუფლებამ. თუმცა, ყოველთვის ბადაშვილის არ იქნება ეს უწყება, მოვა დრო და კითხვებს პასუხი გაეცემა. შემოთავაზებული იყო ასევე სპეციალური დაცვის ღონისძიებები ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. მე ჩემს ოჯახს ვიცავ ამ ხელისუფლებისგან. არ ვაპირებ მათ გაგზავნას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის, ვისგანაც უფრო დიდი საფრთხე მოდის, ცხადია, მას არ ავიყვან დაცვად”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.