თეა წულუკიანმა სამინისტროს მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. თეა წულუკიანმა მუშაობის შედეგები იუსტიციის სამინისტროში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან, დიპლომატიური კორპუსისა და ქვეყანაში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, შეაჯამა.

თეა წულუკიანმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრირების კუთხით გაწეულ სამუშაოებს, ასოცირების პროცესის წარმატებით წარმართვასა და ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებას.

მინისტრმა სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე ისაუბრა.

„2014 წელს პირველი დავა რუსეთთან საქართველოს წარმატებით დასრულდა სტრასბურგში. მეორე დავაზე, რომელიც აგვისტოს ომს ეხება, მივაღწიეთ იმას, რომ მომავალ წელს ომის მსხვერპლ ქართველ მოწმეებს სტრასბურგის სასამართლო თავად დაჰკითხავს; ჰააგის სასამართლოში კი ქართველთა ეთნიკური წმენდის საკითხზე გამოძიება დაიწყება და შეავსებს იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რაც საქართველოში ჩატარდა“, − განაცხადა მან.

თეა წულუკიანმა სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული საკანონმდებლო რეფორმებიც შეაჯამა. მან ისაუბრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმის ეტაპებზე, პროკურატურის რეფორმაზე, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების რეფორმასა და საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გარდაქმნაზე.

იუსტიციის მინისტრმა იმ საქმიანობაზეც ისაუბრა, რასაც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ახორციელებენ.

„პორტალ my.gov.ge-ს მეშვეობით შესაძლებელი გავხადეთ, რომ მოქალაქემ სახლიდან გაუსვლელად 70-ზე მეტი მომსახურება და საჯარო ინფორმაცია მიიღოს 408 სახელმწიფო უწყებიდან; აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეიქმნა მხარეთა ინტერესების სამსახური; აქცენტი გაკეთდა მედიაციასა და მხარეთა მორიგებაზე; გადაისინჯა იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რამაც მცირედი, მაგრამ მაინც შვება მისცა მოვალეებს; შევქმენით ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამა; ჩვენი სოციალური მუშაკები სამ წელიწადში მთლიანობაში 3100 ყოფილ პატიმარს მოემსახურნენ; იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტრენინგი გაიარა 10851-მა მოხელემ და სხვა პირმა; ტესტირება კი − 44 000-მა ადამიანმა; დაიწყო პროექტი 50 საჯარო მოხელე, რომელიც მოამზადებს იუსტიციის სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული სამინისტროებისათვის საჯარო მოხელეებს; შემუშავდა ნოტარიატის რეფორმის პირველი პაკეტი, რომლის შედეგადაც საქართველოში აღარ იქნება მუნიციპალიტეტები ნოტარიუსის გარეშე; აშენდა და გაიხსნა ქვემო ქართლის რეგიონული არქივი რუსთავში; სულ მალე გაიხსნება სამეგრელოს რეგიონული არქივი…

2013 და 2015 წლებში იუნესკო-ს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შევიდა ეროვნულ არქივში დაცული ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, „გეოგრაფიული ატლასი“ და 8 უძველესი ხელნაწერი: საჯარო რეესტრში აღირიცხა და დაარქივდა მანამდე მოუწესრიგებელი 54 235 ბაინდერი; დიგიტალიზაცია გაიარა ქაღალდის დოკუმენტების 44-მა პროცენტმა; უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრის არქივის 81% სრულად ცენტრალიზებულია; დაიწყო ინდმეწარმეთა რეესტრის მოწესრიგება და ელექტრონულ ფორმატში უკვე გადავიდა 200 000-ზე მეტი საქმე; საქართველოს ისტორიაში პირველად წელს შეიქმნა ქართული ეროვნული გეოდეზიური მარკა; აშენდა და გაიხსნა საჯარო რეესტრის არქივი ლილოში; Google.map-ზე სრულად განთავსდა დედაქალაქის ყველა რაიონის ყველა მონაცემი, ასევე, 200-მდე ქართული ძეგლი; დასრულდა ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე მუშაობა, რაც დააჩქარებს ქვეყანაში ელექტრონული სერვისების განვითარებას; დასრულდა ერთიანი სავაჭრო ქსელის მასშტაბური პროექტი და მისი მრავალფაზიანი ტესტირების პროცესი.

საქართველოში ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში ჩართულ რგოლებს შორის ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში და ელექტრონულად გაიცვლება, რაც ჩაანაცვლებს 1 მილიონ ქაღალდის დოკუმენტს და ბიზნესს დაუზოგავს წლიურად 4,5 მილიონ დოლარს; ხელმისაწვდომი გავხადეთ მანამდე მოქალაქისათვის ხელმიუწვდომელი ქართული კანონი − საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე კანონების კონსოლიდირებული ვერსიები 2013 წელს გახდა უფასო; ავამუშავეთ „მაცნეს“ მთარგმნელობითი ცენტრი, რომელიც პროფესიონალებით დაკომპლექტდა და აღვადგინეთ „მაცნეს“ სტამბა“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები