თავდაცვის უწყების დელეგაციამ აშშ-ში გამართულ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის უწყების დელეგაციის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ სიმპოზიუმში – „მებრძოლზე ზრუნვა XXI საუკუნეში“ მიიღეს მონაწილეობა.
სიმპოზიუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა პაატა პატიაშვილმა. მან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებსა და იმ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც უწყება დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პროცესში ახორციელებს. პაატა პატიაშვილმა ამ მიმართულებით საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ბრედ ქარსონი დამსწრეებს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერასა და მათზე ზრუნვის მნიშვნელობაზე, რეაბილიტაციასა და მათი საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციაზე ესაუბრა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმი სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო და სამოქალაქო პირებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობასაც იძლევა. სიმპოზიუმზე 13 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები