გია ჟორჟოლიანი: მივმართავ ყველას, მათ შორის პრეზიდენტსაც, თავი შევიკავოთ ესკალაციისგან
რასაც “ნაციონალური მოძრაობა” და “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობა აკეთებს, პოლიტიკური აქტივობაა, მაგრამ არანაირ კონსულტაციებს არ ექვემდებარება, – ასე აფასებს უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებსა და სამართლებრივ დავას.
ჟორჟოლიანს არ მიაჩნია, რომ ეს პროცესები პოლიტიკური განხილვის საგანია.
“მივმართავ ყველას, მათ შორის პრეზიდენტსაც, თავი შევიკავოთ ესკალაციისგან და ისეთი სიტუაციის დახატვისგან, როგორიც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოუდგენია. ასეთი ვითარება საქართველოში არ არის. საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირებას ადგილი არა აქვს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მთლიანობაში ნეგატიურად არის განწყობილი “ნაციონალური მოძრაობის” და მისი პოლიტიკური აქტივობების მიმართ. “ნაციონალური მოძრაობა” ამ უკანასკნელი გაბრძოლებებით ცდილობს პროვოცირების მოხდენას. ყველას მოვუწოდებ, ამ პროვოკაციებს არ აყვნენ. ყველას მოვუწოდებ, არ აყვნენ ამ პროვოკაციას, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობისგან” შეიძლება ჰქონდეს ადგილი”, – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.