საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იმერეთის რეგიონალურ ფედერაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრო

შეხვედრაზე 21 ოქტომბერს, ვანის სტადიონზე მომხდარი ინციდენტი განიხილებოდა, სადაც ერთმანეთს მეორე ლიგაში მოასპარეზე ჩოხატაურის “ბახმარო” ვანის “სულორს” შეხვდა.
როგორც ცნობილია, თამაშის ფრედ დასრულების შემდეგ, „სულორის“ გულშემატკივრები სტადიონზე შეიჭრნენ და მსაჯს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე მოხდა კლუბის წარმომადგენლები მსაჯის ოთახში და გასახდელში შეიჭრნენ.
იმერეთის რეგიონალურ ფედერაციაში გამართულ შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტი განიხილეს და მხარეთა არგუმენტებს მოუსმინეს. შეხვედრაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა მსაჯმა, დამკვირვებელმა, დელეგატმა და მხარეების წარმომადგენლებმა. ლევან კობიაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ უმკაცრესად დაისჯება ინციდენტში მონაწილე ყველა ადამიანი.
„ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, დავსწრებოდი ამ ინციდენტის განხილვას, რადგან მსგავსი შემთხვევები ხელს უშლის და აზიანებს ქართულ ფეხბურთს და უნდა აღმოიფხვრას. სამწუხაროდ, გულშემატკივრების მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუშვებელ ქმედებებს. ამიტომ მე მოვუწოდებ იმერეთის რეგიონალურ ფედერაციას და სამართალდამცავებს, რაც შეიძლება სწრაფად იქნას გამოძიებული ფაქტები და მიღებული იქნას მაქსიმალური ზომები. სამაგალითოდ დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც მსგავსი ქმედებით აზიანებს ქართულ ფეხბურთს. ეს არის დაუშვებელი“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები