თბილისის მერი სტრასბურგში შეხვედრებს განაგრძობს

თბილისის მერი დავით ნარმანია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან ერთად, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტ ჟან კლოდ ფრეკონს შეხვდა.
თბილისის მერის ინფორმაციით, შეხვედრაზე თბილისის მერმა კონგრესის პრეზიდენტს ინფორმაცია ადგილობრივი დემოკრატიის შესახებ მიაწოდა. მათ, ასევე, ისაუბრეს თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის ძირითადი პრინციპების შესრულების საკითხებზე.
“შეხვედრაზე ხაზი გაესვა თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პირობებისა და ძირითადი პრინციპების შესრულების საკითხს, რომელზეც ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა დავაფუძნეთ. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისს ეწვევა და ის ადგილზე ნახავს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს და მოისმენს სხვადასხვა მოსაზრებას რეფორმების მიმდინარეობასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში აუცილებლად გაგრძელდება”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა კი კონგრესის პრეზიდენტს იმ პოლიტიკის შესახებ წარუდგინა ინფორმაცია, რასაც საქართველოს მთავრობა ეთნიკური უმცირესობების მიმართ ახორციელებს.
“დიდი ხანია საქართველოსთან ვთანამშრომლობთ და გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ჩვენ საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის მონიტორინგი გავაკეთეთ. ურთიერთობის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დეკემბრის შუა რიცხვებში ჩანიშნული ჩემი ვიზიტის დროს, საქართველოში პირადად ჩამოვიტან მომზადებულ გზამკვლევს”,- განაცხადა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტმა ჟან კლოდ ფრეკონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები