„როცა სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, წინასწარ აჟიოტაჟის ატეხვა ესკალაციის წინაპირობას ქმნის“
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, წინასწარ, ტრაგიკული ფორმით აჟიოტაჟის ატეხვა ესკალაციის წინაპირობას ქმნის.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ნიკა გვარამიას გუშინდელი განცხადებით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ.
“მიკვირს, სად არიან “რუსთავი 2”-ის მფლობელები და ნიკა გვარამია, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რატომ არის წინა პლანზე. პირადად მე არც გვარამიას საწინააღმდეგო მაქვს და არც “რუსთავი 2”-თან ურთიერთობაში გამაჩნია რაიმე ხინჯი. აქ ერთი მთავარი საკითხია – არის თუ არა ეს პროცესი პოლიტიკურად მიზანშეწონილი და ეძლევა თუ არა “რუსთავი 2”-ს, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილს, საშუალება იმისა, მოახდინოს დაძაბულობის ესკალაცია. რასაკვირველია, ამის საშუალება ეძლევა და, აქედან გამომდინარე, ამის პოლიტიკური მიზანშეწონილობა არ არსებობს. მაშ, რა ხდება?! ხდება ის, რომ არ შეიძლება პროცესი მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იზომებოდეს. საქმეს აქვს სამართლებრივი ნაწილი და რატომღაც ყველას გვიკვირს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” თურმე ვიღაც ბიზნესმენს ქონება წაართვა. თურმე, ეს არის გასაკვირი და გასაგიჟებელი ამბავი და ამას მუქარა სჭირდება. ვინ გამორიცხავს იმას, რომ მაშინ მეწარმეს, ბიზნესმენს ქონება წაართვეს?! ტელეკომპანია “იბერიამ” წართმეული ქონების დაბრუნება ახლა მოახერხა და ტელემაუწყებლობა აღადგინა. მათი ოფისი სად არის, არ ვიცი, მაგრამ თუკი მაუწყებლობის აღდგენა მოახერხეს, იქნებ მოყვნენ, ქონება როგორ დაიბრუნეს. მახსოვს, როგორ დაუწვეს ქონება ქიბარ ხალვაშს და მისთვის კითხვა არ დაუსვამთ, როგორ და რა გარემობებში აღმოჩნდა ის საზღვარგარეთ. როცა სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, წინასწარ, ასეთი ტრაგიკული ფორმით აჟიოტაჟის ატეხვა და ხალხისადმი მოწოდება, ზეწოლა მოახდინონ სასამართლოზე, ესეც დაძაბულობის, ესკალაციის წინაპირობას ქმნის”, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.