ომბუდსმენი ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადებას ეხმაურება
საქართველოს სახალხო დამცველი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება. აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„როგორც ცნობილია, მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ნიკა გვარამიას მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გამოძიება წარიმართოს მიუკერძოებლად, სრულყოფილად, სწრაფად და ეფექტურად, ხოლო საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდოს ინფორმაცია მის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ამასთან, სახალხო დამცველი თვალს მიადევნებს აღნიშნულ პროცესს და იმედოვნებს, რომ საქართველოს პროკურატურა გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოძიების სათანადოდ წარმართვისათვის.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 6-საათიანი საინფორმაციო გამოშვების ნაცვლად, „კურიერი“ ეთერში სპეცგამოშვებით გავიდა და არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განცხადება გააკეთა.
გვარამიას განცხადებაზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.