მთავარი პროკურატურა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავარი პროკურატურა, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის დაკითხვასთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“რუსთავი 2″-ს დირექტორის ნ. გვარამიას მიერ, საჯარო განცხადების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება, მის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 150-ე მუხლის პირველი ნაწილით. საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელი დაუკავშირდა ნიკა გვარამიას მობილური ტელეფონის მეშვეობით, მისი მოწმის სახით დასაკითხად დაბარების მიზნით, რაზეც გვარამიამ განაცხადა, რომ დღეს მთავარ პროკურატურაში გამოცხადებას ვერ შეძლებდა და გამოცხადდება ხვალ 2015 წლის 22 ოქტომბერს 12 საათზე.
შესაბამისად გვარამიას მოწმის სახით დაკითხვა მოხდება ხვალ დღის 12 საათზე”,- აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.