ირმა ინაშვილი მორიგ სკანდალურ ვიდეოზე: ეს კადრები სასწრაფოდ უნდა მივაწოდოთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას
უკრაინულ მედიაში გავრცელებულ მორიგი წამების კადრებს, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს საქართველოშია გადაღებული “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. “კვირა” ინაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“სააკაშვილის რეჟიმის სახე – სადიზმის მორიგი მაგალითი. მორიგი დანაშაული ადამიანისა და ადამიანურობის წინააღმდეგ. პატიმრის წამება- გაუპატიურების გზით! წამება – სასურველი ჩვენების მისაღებად! ვინც ახლა ხმას ამოიღებს და დაიწყებს წკმუტუნს, რომ ეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებია, ვურჩევ: კარგად გაინიავნოს დაბნელებული გონება!
ხმამაღლა ვამბობ, ეს კადრები ჩემს ხელში რომ მოხვედრილიყო, მას აუცილებლად გავავრცელებდი და თუ მოვიპოვებ ამ ტიპის სასტიკი დანაშაულის ამსახველ კადრებს, გავავრცელებ, ეჭვი არავის შეეპაროს. ეს დანაშაულის მხილებაა, სისტემური, ორგანიზებული დანაშაულის მხილება და ამასთან პრევენციაა, რომ ხვალ სხვა ადამიანი ვეღარ აღმოჩნდეს ნაწამების ადგილზე. ამიტომ ეს კადრები სასწრაფოდ უნდა მივაწოდოთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ამერიკის კონგრესსა და სენატს, ევროკომისიას, ევროპარლამენტს, გაეროს, წამების კომიტეტს, ყველას! აი, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ნამდვილი სახე და ყველას, ვინც დასავლეთიდან ექომაგება ნაცმოძაობის თითქოსდა პოლიტიკურ პატიმრებს, უნდა ესმოდეს, რომ მხარს უჭერს მაგიდაზე დაბმული და პირაკრული პატიმრების წამებას”, – წერს ინაშვილი ფეისბუქზე.