მთავარმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო
მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნათია სუხიაშვილის თქმით, მთავარმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
“რუსთავი 2″- ის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ საჯარო განცხადების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება მის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, ჩვენ მიერ შესაძლებლობის ფარგლებში უმოკლეს ვადაში მოხდება გვარამიას მოწმის სახით დაბარება და დაკითხვა მომხდარის დეტალებში გარკვევის მიზნით”, – განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მას კონკრეტული პირები აშანტაჟებენ.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, მას უთხრეს, რომ მიმდინარე პროცესებს უნდა ჩამოშორდეს და შეახსენეს, რომ ოჯახის წევრების ამერიკაში გაშვება ვერ მოასწრო.
ამასთან, მისივე თქმით, დაემუქრნენ, რომ კონკრეტულ პირებთან მისი ურთიერთობის ამსახველ ვიდეოკადრებს გამოაქვეყნებენ და მას პერსონალურად გაანადგურებენ.