ზვიად კვაჭანტირაძე ნიკა გვარამიაზე: შანტაჟის ტონი მისი განცხადებიდან უფრო მოდის

“რუსთავი2”-ის საინფორმაციო პოლიტიკის რეპუტაციიდან გამომდინარე, პირადად მე, არანაირი საფუძველი არ მაქვს ნიკა გვარამიას დავუჯერო, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება არც მინდა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად დასახელებული ზვიად კვაჭანტირაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელს სახელისუფლებო წრეები აშანტაჟებენ.
როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, ტელეკომპანიის მცდელობაა ჭიქაში ქარიშხლის ატეხა, რაც მათი მხრიდან ესკალაციისკენ მიუთითებს.
“ნიკა გვარამიას განცხადებისთვის არ მისმენია, მაგრამ რაც გადმოცემით ვიცი, შანტაჟის ტონი მისი განცხადებიდან უფრო მოდის, ვიდრე საერთოდ ასეთი რამ არის. “რუსთავი2”-ის საინფორმაციო პოლიტიკის რეპუტაციიდან გამომდინარე, პირადად მე, არანაირი საფუძველი არ მაქვს ნიკა გვარამიას დავუჯერო. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება არც მინდა, სანამ სასამართლო მუშაობს და სასამართლო საკუთარ ვერდიქტს არ გამოიტანს. შორს ვარ იმისგან, რომ ჭიქაში ქარიშხალის ატეხვის მცდელობას მხარი უნდა ავუბათ. არის მცდელობა იმისა, რომ მოხდეს “რუსთავი 2”-ის თემით მანიპულირება ესკალაციის მიზნით. ეს აშკარად სახეზეა. აქ არც ერთ შემთხვევაში არ ვგულისხმობ “რუსთავი2”-ის დღევანდელი ხელმძღვანელობის მხარდასაჭერად გამართულ აქციებს. ამის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, მაგრამ საუბარია იმის თაობაზე, რომ თითქოს მზად არიან, რაღაც დაგეგმილ ძალადობას ძალადობით უპასუხონ. ხელისუფლების მხრიდან არანაირი ძალადობა არ იგეგმება. არც ისეთი ქმედება იგეგმება, რომელიც შეიძლება სამართლებრივ სივრცეს გასცდეს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხელისუფლების მხრიდან არ იგეგმება “რუსთავი2″-ის მაუწყებლობის შეწყვეტა. მთავარია, არხის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ეს თავად არ გადაწყვიტოს, მოვლენების შემდეგი ესკალაციის მიზნით”, – აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები