ბიზნესმენი თუ სერიული მკვლელი? – ვინ არის სინამდვილეში და რას საქმიანობს რუსეთში, მკვლელობებისთვის ძებნილი ამირან გიორგაძე (ვიდეო+ფოტოკოლაჟი)

ამირან გიორგაძე, მეტსახელად – „хозяин“, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენია, რომელმაც ერთ დღეში მოახერხა გაკოტრებაც და მკვლელად გარდაქმნაც. რუსული მედიის ინფორმაციით, გიორგაძეს კრასნოგორსკში სამშენებლო ბიზნესი აქვს. ამის გარდა, ის ელექტროქსელების ერთ-ერთი მფლობელიცაა. კარიერის დასაწყისში, ის ბუფეტში ლუდს და ტკბილეულ ნამცხვრებს ყიდდა. მუშაობდა მძოლად სამხედრო ნაწილში. ბიზნესში ის პირველად, მეოთხედი საუკუნის წინ, ალკოჰოლის ვაჭრობით გამოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ მას მფარველობას კანონიერი ქურდი დავით მელქაძე, იგივე „დათო პოტიისკი“ უწევდა.

რუსული მედიასაშუალებები გიორგაძის მთავარ ბიზნესაქტივად კომპანია „Мякининское поречье“-ს ასახელებენ (დარეგისტრირებულია 2002 წლის ოქტომბერში). მას მოსდევს ასევე, ორი ათეული სხვადასხვა შპს და სს, რომლებიც მშენებლობას, ქონების მართვას, სავაჭრო და სხვა სახის ფირმებს აერთიანებს. მისი ფირმა მონაწილეობდა კრასნოგორსკის სათხილამურო კომპლექსის – „Снеж.ком“-ის მშენებლობაში.

გიორგაძე არა მხოლოდ მშენებლობითა და გაყიდვებით იყო დაკავებული, არამედ გამოგონებებითაც. ყოველ შემთხვევაში, მისი სახელი პირველ ნომრად ფიგურირებს გამომგონებელთა სიაში, რომელიც ფოლადის ინდუსტრიას უკავშირდება, კერძოდ კი, ფეროშენადნობთა რაფინირების პროცესს. თუმცა, იმის დამადასტურებელი მასალები, რომ გიორგაძეს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, საჯაროდ არ მოიპოვება.

„Мякининское поречье“-ს მფლობელისთვის იღბლიანი საგზური აღმოჩნდა ის ფაქტი, როდესაც მისი კომპანია ფედერალურ პროგრამაში ჩაჯდა, რომლის ფარგლებშიც სამხედრო მოსამსახურეთათვის საცხოვრებელი ბინები უნდა აშენებულიყო. ამ პროგრამის ფარგლებში, მან, საერთო ჯამში, კრასნოგორსკის სტალიჩნის მიკრორაიონში 127 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე 6 საცხოვრებელი სახლი ააშენა. კიდევ 3 სახლი ააშენეს ოპალიხას მიკრორაიონში.

გამოიწვია თუ არა რუსეთში მცხოვრები ქართველის ბიზნესის აყვავება ადმინისტრაციული რესურსიდან მიღებულმა თანხებმა, ამაზე პასუხი ნათელია. გიორგაძის კომპანია „Поречье“-მ, რომელიც 2009 წლის 30 ივნისს არის დარეგისტრირებული, 2011 წელს სახელმწიფოსგან კონტრაქტის სახით 35 მილიონი რუბლი მიიღო. ტენდერში გამარჯვება მაშინ იოლი აღმოჩნდა, ვინაიდან ქართველი ბიზნესმენის კომპანია იყო ერთადერთი, რომელმაც აუქციონში მონაწილეობა მიიღო. ამ ყველაფერზე კი, კრასნოგორსკის ჩინოვნიკებმა იზრუნეს. ამჟამად კი „Мякининское поречье“-ს მხოლოდ 2 პროექტი აქვს აღებული – „Земледелец“ (საერთო ჯამში, 17.5 ათასი კვადრატული მეტრი) და „Брусчатый поселок“ (2 სახლის მშენებლობა, საერთო ფართით 44 ათასი კვადრატული მეტრი).

სწორედ სამშენებლო კორუფციულ სქემებს უკავშირდება კრასნოგორსკში მომხდარი მკვლელობები, რომლებიც ამირან გიორგაძემ ჩაიდინა. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ამასთან ერთად, ჯერ კიდევ ცოცხალი გიორგაძე პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ რეგიონის კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის, არამედ რეგიონის ფარგლებს გარეთაც. არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, მას სერიოზული კომპრომატები გააჩნდეს მოსკოვური ბიუროკრატიის წინააღმდეგაც.

ზედაპირულად რომ შევაფასოთ, გიორგაძის ბიზნესები კრასნოგორსკში, ეს არის – გაუთავებელი სკანდალები, სასამართლო დავები და კონფლიქტები ადგილობრივ მოსახლეობასთან. ეს ყოველივე კრიტიკის საგანს იმ დრომდე არ წარმოადგენდა, სანამ ბიზნესმენის მხარეს ჩინოვნიკები იდგნენ. თუმცა, სულ რაღაც 2 წლის წინ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა.

2015 წლის 19 ოქტომბერს, რამდენიმე საათით ადრე, სანამ ის გიორგაძე კრასნოგორსკის ცენტრში ჩინოვნიკებს დაცხრილავდა, საარბიტრაჟო სასამართლომ „როსაგროლიზინგის“ სარჩელი დააკმაყოფილა, კომპანია „Поречье“-ს გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ. რუსული მედიის ინფორმაციით, მხარეები სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულან. სხდომა 2 საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც გადაწყვეტილება გამოაცხადეს. ეჭვები უკვე დაიბადა იმის შესახებ, რომ სწორედ ამის გამო ჩაიდინა გიორგაძემ მკვლელობები. სასამართლოს გადაწყვეტილებით ხომ საბოლოოდ დამტკიცდა, რომ მისი კომპანია „Поречье“ სრულიად გაკოტრდა და წარსულს ჩაბარდა. მათი სამშენებლო პროექტები კი სხვა დეველოპერებს გადაეცათ. ამ ყველაფერს უკვე შემდეგ, მკვლელობების მთელი კასკადი მოჰყვა.

ამირან გიორგაძე კრასნოგორსკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, იური კარაულოვთან კაბინეტში იმყოფებოდა, რა დროსაც მათ კრასნოგორსკის ელექტროქსელების ხელმძღვანელი გიორგი კოტლიარენკო შეუერთდა. სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად ეჭვმიტანილმა კარაულოვი და კოტლიარენკო ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა და მიიმალა. თავდაპირველად გიორგაძემ მათთვის ცეცხლის გახსნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და შაშხანიდან დააპირა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ირაღმა არ გაისროლა, მან მსხვერპლებს სათადარიგო ირაღიდან – 9 მმ კალიბრის პისტოლეტიდან ესროლა. სროლის შედეგად ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. გამოძიების ვერსიით, მას კრასნოგორსკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან და ელექტროქსელების ხელმძღვანელთან გარკვეული საქმიანი პრეტენზიები გააჩნდა, რამაც მათ შორის კონფლიქტი გამოიწვია. მკვლელობის მოტივად, სავარაუდოდ, გიორგაძისათვის მშენებლობის აკრძალვა იქცა.

ამის გარდა, ქართველი ბიზნესმენი ეჭვმიტანილია კიდევ ორი ადამიანის – ადგილობრივი მცხოვრებისა (ქუჩაში რიგითი გამვლელი) და ასევე, მისი ბიზნესპარტნიორის მკვლელობაშიც. რუსული მედიის ინფორმაციით, გიორგაძის პირველი მსხვერპლი, სწორედ მისი ბიზნესპარტნიორი – ტრისტან ზაქაიძე გახდა. მკვლელმა მისი ლიკვიდაცია კრასნოგორსკის ადმინისტრაციის შენობაში დატრიალებულ მკვლელობებამდე მოახდინა. მომხდარს განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველო იძიებს.

გამოძიება მოწმის სახით ბიზნესმენის პირადი მძღოლის, შოთა ელიზბარაშვილის დაკითხვასაც აპირებს. სამართალდამცავები ინტენსიურად ატარებენ ჩხრეკის ოპერაციებს გიორგაძის სახლსა და მის სამუშაო ოფისებში. როგორც რუსული მედია იტყობინება, პოლიცია ვარაუდობს, რომ გიორგაძე მხოლოდ 4 მსხვერპლს არ დასჯერდება. ამიტომ, სამართალდამცავები ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

პოლიციამ ეჭვმიტანილის მანქანა – შავი “რენჯ როვერი”, რომლითაც მკვლელობის შემდეგ გიორგაძემ კრასნოგორსკი მძღოლთან ერთად დატოვა, სოფელ პოზნიკოვთან იპოვეს. ამის შემდეგ მისმა მძღოლმა შოთა ელიზბარაშვილმა მისი უფროსი დატოვა და სამართალდამცავებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. ავტომობილის სალონში პოლიციამ ხელჩანთა იპოვა, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღი მისი ხმის დამხშობით, 30 ვაზნა, ტრავმატული პისტოლეტი, ავტომატი, ბორკილები და წებოვანი ლენტა იყო მოთავსებული.

რუსი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ რა მოტივითაც არ უნდა მოქმედებდეს გიორგაძე, ის მაინც გამოძიების მთავარ ეჭვმიტანილ პირად რჩება. პოლიცია მას მასობრივ მკვლელად ახასიათებს. ძალოვანები ახლა გიორგაძის კუთვნილ 4 მანქანას ეძებენ, რომლებშიც შესაძლოა, ის თავს აფარებდეს. გიორგაძის დაკავებაზე, ჯილდოდ რუსეთში 1 მილიონი რუბლი დაწესდა.

ფაქტია, რომ ამირან გიორგაძის დაკავება ნათელს მოჰფენს გრანდიოზულ კორუფციულ სქემას, რომელშიც ჩართულია არა მხოლოდ კრასნოგორსკი, არამედ მთლიანად მოსკოვის ოლქი.

სპეციალურად “კვირასთვის” – ლექსო ბექაური

https://www.youtube.com/watch?v=e2x5XKswtAk

ფოტოზე შოთა ელიზბარაშვილი  – ამირან გიორგაძის პირადი მძღოლი

1

2

3

4

4-2

5

6

7

8

9

9-2

10

11

12

13

14

15

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები