დავით უსუფაშვილი გიორგი პაპუაშვილს პასუხობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის წერილს წერილითვე პასუხობს და საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელისშემშლელ გარემოებებზე საუბარს შეხვედრას და საუბარს სთავაზობს.
“ბატონო გიორგი, გავეცანი თქვენს წერილს, რომელშიც მიუთითებთ საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელისშემშლელ გარემოებებზე და ითხოვთ მათ აღსაკვეთად სათანადო ზომების მიღებას. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გთავაზობთ, დავგეგმოთ შეხვედრა და საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა წევრებთან ერთად განვიხილოთ როგორც პრობლემები, ისე მათი მოგვარების შესაძლო გზები. ეფექტური, დამოუკიდებელი და ობიექტური საკონსტიტუციო მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომლის უზრუნველსაყოფადაც ყველა შესაძლო ზომას უნდა მივმართოთ. პატივისცემით, დავით უსუფაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე”, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართა.
პაპუაშვილმა მათ მოუწოდა კანონის ფარგლებში გამოიყენონ უფლებამოსილება და მიიღონ სათანადო ზომები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ინდივიდუალურად მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი საქმიანობის ხელშემშლელი ფაქტორების დროულად აღსაკვეთად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები