ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების აქცია იმართება.
აქციის მონაწილეთა თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი ისეთი პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც უნივერსიტეტის რექტორი ვერ ახერხებს.
აქციის მონაწილეთა შეფასებით, უნივერსიტეტში არის ბიუროკრატიული მანქანა, ასევე ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, რომელსაც ემატება ლექტორთა არაკვალიფიციურობა.
თვითმმართველობის პრეზიდენტის შალვა საბაურის განცხადებით, უნივერსიტეტში არსებობს ფინანსური პრობლემები.
“არსებობს ინფორმაცია, რომ საგამოძიებო უწყებები უნივერსიტეტის საქმიანობის შესწავლას აპირებენ, რაც გულისხმობს სხვადასხვა ტენდერებსა და შესყიდვის საქმეებს”, – განაცხადა შალვა საბაურმა.
ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტის ეზოდან ვლადიმერ პაპავას კაბინეტთან გადაინაცვლეს.
ისინი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გადადგომისთვის ვადას დღეს, 22.00 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ შიმშილობას დაიწყებენ.
აქციის მონაწილეებმა მიიტანეს წითელი ბარათი იმის ნიშნად, რომ რექტორმა უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები