გიორგი ბადაშვილი: ვფიქრობ, საბოლოო გამარჯვება კიდევ წინ გველოდება
საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს მიაჩნია, რომ ახალი მთავარი პროკურორი სისტემის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს და პროკურატურის ინტერესებს ემსახურებოდეს. ამის შესახებ ბადაშვილმა პროკურორთა კონფერენციის დასასრულს განაცხადა. ასევე, ბადაშვილს მიაჩნია, რომ ახალ მთავარ პროკურორს უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვა და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ღირებულებებით ხელმძღვანელობდეს.
“ვფიქრობ, საბოლოო გამარჯვება კიდევ წინ გველოდება და ეს იქნება მაშინ, როცა არჩეული იქნება ისეთი მთავარი პროკურორი, რომელსაც ზედმიწევნით კარგად ეცოდინება თითოეული პროკურორის, თითოეული გამომძიებლის, თითოეული თანამშრომლის საჭიროება. კარგად ეცოდინება პროკურატურის სპეციფიკა. ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა მაგალითი. ზუსტად ამიტომ, მე ვფიქრობ და ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანია, მთავარი პროკურორი იყოს სისტემის განუყოფელი ნაწილი და ემსახურებოდეს პროკურატურის ინტერესებს, იყოს მიმართული განვითარებისკენ, ჰქონდეს ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვა, ხელმძღვანელობდეს სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ღირებულებებით. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ შედეგს ყველანი ერთად მივაღწევთ”, – განაცხადა ბადაშვილმა.