თუ „გაზპრომის“ გაზი იაფი იქნება, მაშინ მე მომხრე ვარ, რომ „გაზპრომის“ გაზი 100% – ით შემოვიდეს“

პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ქართულ ბაზარზე „გაზპრომის“ გაზის შემოსვლაში საფრთხებს ვერ ხედავს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, „გაზის მილებს ტანკები არ გამოჰყვება“. ხოლო ის, თუ რა სეგმენტს დაიკავებს ბაზარზე აზერბაიჯანული და რა სეგმენტს რუსული გაზი, ეს, მისი თქმით, მათმა ფასმა უნდა განაპირობოს.
„ ის, რაც გუშინ კახა კალაძემ ილაპარაკა, სიმართლეა. რა განსხვავებაა რუსულ კომპანია „გაზპრომსა“ და რუსულ კომპანია „რაოესს“ შორის. განსხვავება ისაა, რომ „გაზპრომი“ გაზს ყიდის და „რაოესი“ – ელექტროენერგიას. სააკაშვილმა „რაოესს“ სატრანზიტო ხაზები, თბოელექტროსადგურები მიჰყიდა, მაგრამ ამაზე კივილი არავის აუტეხია. სრულიად აუხსნელი და გაუგებარია, რა საფრთხეს უნდა შეიცავდეს რუსეთიდან შემოსული გაზი. ტანკები გამოყვება ამ მილებს?
დღეს აზერბაიჯანი სპეკულაციურად მაღალ ფასში გვაძლევს გაზს, ასეთი ფასი ევროპაშიც აღარ არის. ბაზარზე რა სეგმენტს დაიკავებს „სოკარის“ გაზი და რა სეგმენტს „გაზპრომის“, ეს მათმა ფასმა უნდა გადაწყვიტოს. თუ „გაზპრომის“ გაზი იაფი იქნება, მაშინ მე მომხრე ვარ, რომ „გაზპრომის“ გაზი 100%-ით შემოვიდეს. თუ „სოკარის“ გაზი უფრო იაფი იქნება, მაშინ „სოკარის“ გაზი იყოს“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები