გიორგი ბადაშვილი: დავამტკიცეთ, რომ პროკურატურა ყველაზე ორგანიზებული და ერთიანი ორგანიზაციაა
ჩვენ დავამტკიცეთ, რომ პროკურატურა არის ყველაზე ორგანიზებული და ერთიანი სულისკვეთებით გამსჭვალული ორგანიზაცია, – ასე შეაფასა საქართველოს მთავარმა პროკურორმა, გიორგი ბადაშვილმა პროკურორთა კონფერენციის კენჭისყრის შედეგები.
როგორც ბადაშვილმა აღნიშნა, არჩევნებმა ხარვეზების გარეშე ჩაიარა, რაც ნიშნავს იმას, რომ პროკურატურა არის ყველაზე ორგანიზებული და ერთიანი სულისკვეთებით განმსჭვალული ორგანიზაცია. “პირველ რიგში, მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა თითოეული პროკურორის, გამომძიებლის, იმ თანამშრომლის მიმართ, რომელმაც ამ სამი დღის განმავლობაში მუხლჩაუხრელად იშრომა და მოგვცა საშუალება, ძალიან მაღალ დონეზე, ძალიან ორგანიზებულად ჩაგვეტარებინა საქართველოს პროკურატურის ისტორიაში პროკურორთა პირველი კონფერენცია. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ საქართველოს პროკურატურა არის ყველაზე ორგანიზებული და ერთიანი სულისკვეთებით განმსჭვალული ორგანიზაცია. ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება და ამისთვის მადლობა მინდა გადაგიხადოთ”, – განაცხადა ბადაშვილმა. მთავარი პროკურორის შეფასებით, აღნიშნულ არჩევნებს დამარცხებული არ ჰყავს და მასში ყველა პროკურორმა თანაბრად გაიმარჯვა. “მინდა, მივულოცო არჩეულ საპროკურო საბჭოს წევრებს საქართველოს პროკურატურის ისტორიაში პირველ არჩევნებში მონაწილეობა და კოლეგების ნდობის და მანდატის მოპოვება, მაგრამ ეს არის არჩევნები, რომელშიც ჩვენ – ყველამ გავიმარჯვეთ. აქ არ არსებობს დამარცხებული”, – აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.