“ჰააგის პროკურორი რუსეთს და ცხინვალს ეწვევა, შემდეგ კი შესაძლოა, დაიდოს დასკვნა, რომელიც საქართველოს ინტერესების თანხვედრი არ იქნება“
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს მიმართ გააქტიურებას პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
ბარამიძის თქმით, პროცესში რუსული მხარე და დე ფაქტო რეჟიმი იაქტიურებენ, არსებობს საფრთხე, რომ ჰააგის წარმომადგენელს გააცნონ შეთითხნილი დასკვნები და მასალები, ხოლო დასკვნები, რაც შემდეგ დაიდება, შესაძლოა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან თანხვედრაში არ იყოს.
„ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გააქტიურება საქართველოს მიმართ დასტურია იმისა რომ დღევანდელი ხელისუფლება უმოქმედოა. ის დასკვნები, რაც დაიდება ეთნოწმენდაზე, იქნება: თანამდებობრივ დანაშაულებებზე, პროვოკაციებზე თუ სხვა, ყველა ეს დასკვნა შეიძლება გაერთიანდეს და, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა, არც კი იყოს ჩვენთვის მომგებიანი.
ჰააგის სასამართლო უკვე წლებია საქართველოდან აქტიურობას ელოდება. იქ საუბარი იქნება პოლიტიკურ ნიუანსებზე, სახელმწიფოებრივზე, რაც ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ის სურათი, რაც უნდა გვეჩვენებინა, არ იყო მიტანილი. არ მოხდა ამ ყველაფრის დოკუმენტურად გაანალიზება. ამის ფონზე შესაძლოა, სხვებმა იაქტიურონ და შემოაცურონ ისეთი დასკვნა, რომელიც ჩვენი სახელმწიფო ინტერესების თანხვედრი შეიძლება არ იყოს. ჰააგის პროკურორი რუსეთშიც აპირებს წასვლას, ორგანიზებას გაუკეთებენ იქიდან და ცხინვალშიც შეუშვებენ, შეახვედრებენ ხალხს, დაუდებენ რაღაცა შეთითხნილ ფაქტებს და შესაძლებელია, ამის შემდეგ დაიდოს დოკუმენტი, რომელიც ჩვენს ინტერესებს არ შეესაბამება“,- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.