რა კადრები გადასცა ლალი მოროშკინამ კოლომოისკის ტელეარხს – ჟურნალისტი განმარტებას აკეთებს

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა გადაცემა “2030“-ში ციხის სკანდალურ კადრებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას “კვირასთან“ აკეთებს.
მოროშკინასთვის გაუგებარია, რატომ გამოიწვია მისმა განცხადებამ აურზაური საზოგადოებაში.
ჟურნალისტი აცხადებს, რომ მან უკრაინელი ოლიგარქის იგორ კოლომოისკის არხს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მის მიერ ექსკლუზიურად გადაღებული კადრები გადასცა და არა 17 ოქტომბერს ერთ-ერთი უკრაინული პორტალის მიერ გავრცელებული მასალა.
მოროშკინა ამბობს, მის მიერ გადაღებული მასალა ციხეებში ყოფილი ხელისუფლების დროს არსებულ სავალალო ვითარებას ასახავდა.
„დაახლოებით სამი თვის წინ კოლომოისკის არხ “ერთს პლუს ერთიდან“ ჩემთან იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც ამზადებდნენ 2-ნაწილიან ფილმს, მე მათ მივეცი ინტერვიუ და გადავეცი პირადად ჩემ მიერ სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში გადაღებული მასალა, რომელიც ასახავდა იმას, თუ რა სავალალო ვითარებაში იმყოფებოდნენ პატიმრები და რა არაადამიანურ პირობებში უწევდათ სასჯელის მოხდა.
მათ მიერ მომზადებული ორნაწილიანი ფილმი დაახლოებით სამი თვის წინ გავიდა მათ არხზე. კადრები, რომელიც მე კოლომოისკის არხს გადავეცი, მანადე გასაჯაროებული მქონდა და არავისთვის არ იყო დამალული. ეს კადრები წამების კადრების ტოლფასია, ჩემი სურვილი იყო, რამდენიმე საკანი დაგვეტოვებინა, როგორც შოურუმი – თუ რა საშინელ პირობებში უწევდათ ყოფნა პატიმრებს“, ჩემ მიერ გადაღებული კადრები სავსებით საკმარისი იყო პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დაწყებისათვის. გიორგი ტუღუში, რომელიც სასჯელაღსრულების მინისტრი იყო მაშინ, თვალს ხუჭავდა იმ საშინელებებზე, რაც მაშინ ციხეებში ხდებოდა, ის დღეს თავისუფლად დანავარდობს, მაინტერესებს, რატომ არ აგო მან პასუხი, ბევრი ადამიანი კვლავ დაუსჯელია და დანავარდობს თავისუფლად“, – განუცხადა “კვირას“ ლალი მოროშკინამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები