კახა კალაძე: აბონენტმა არ უნდა იგრძნოს ავარია, როდესაც ელექტროენერგია ითიშება

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტროში არსებობს 10 წლიანი განვითარების გეგმა, რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს და ამის გამო აბონენტებისთვის დენის  გათიშვის პრობლემები აღმოიფხვრას.
როგორც მინისტრმა „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, იმისთვის, რომ ავარიის შემთხვევაში აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება არ შეუწყდეს, პარალელური ელექტროგადამცემი ხაზები უნდა არსებობდეს.
„ენერგეტიკის სფეროში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელების პროცესშია, ბევრი პროექტი კი დაგეგმილია, რომ ჰიდროელექტორსადგურები, თბოსადგურები აშენდეს. რაც მთავარია, ყველაფერ ამასთან ერთად, ჩვენ ვახორციელებთ, უკვე წარმოდგენილი გვაქვს 10 წლიანი განვითარების გეგმა. ეს ნიშნავს იმას, რომ ინფრასტრუქტურა ყველანაირად მოწესრიგებული გვქონდეს – ელექტროგადამცემი ხაზები, ქვესადგურები. ელემენტარულად, მოსახლეობამ, აბონენტმა არ უნდა იგრძნოს ავარია, როდესაც ელექტროენერგია ითიშება. ავარია მთელს მსოფლიოში, ყველგან ხდება, მაგრამ ამას მოსახლე, აბონენტი ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში არ გრძნობს. ანუ უნდა იყოს პარალელური ელექტროგადამცემი ხაზები. ერთის დაზიანების შემთხვევაში მეორე ავტომატურად უნდა მუშაობდეს. ეს პროექტი უკვე დადებული გავქვს და 10 წლის განმავლობაში განხორციელდება. დაახლოებით 600 მილიონი დოლარი  დაიხარჯება ამ ყველაფრის განსახორციელებლად“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები